უკრაინა

ხარლანს დისკვალიფიკაცია გაუუქმდა, 2024 წლის ოლიმპიადაზე კი ავტომატურად დაუშვეს

ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციის აღმასრულებელმა კომიტეტმა უკრაინელ მოფარიკავე ოლგა ხარლანს დისკვალიფიკაცია შეუჩერა და მსოფლიო ჩემპიონატზე ხელახლა დაუშვა. მას ასევე გარანტირებული აქვს ადგილი 2024 წლის პარიზის ოლიმპიადაზე.

გადაწყვეტილება მას შემდეგ შეიცვალა, რაც საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი, თომას ბახი, თავად ყოფილი მოფარიკავე, შემთხვევას გამოეხმაურა.

ბახმა ხარლანისადმი "სრული მხარდაჭერა" გამოხატა და თქვა, რომ IOC-ი მას მომავალი წლის პარიზის ოლიმპიადაზე ავტომატურ ადგილს შესთავაზებს "განსაკუთრებული მდგომარეობისა" და იმის გამო, რომ მილანში დისკვალიფიკაციის მიზეზით, შესაძლოა, მოფარიკავემ ოლიმპიადისთვის საკმარისი საკვალიფიკაციო ქულები ვეღარ მოაგროვოს. 

გუშინ, 28 ივლისს ხარლანს ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატზე რუსი მეტოქისთვის ხელის ჩამორთმევაზე უარის გამო დისკვალიფიკაცია მისცეს

მილანში გამართულ ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატზე 27 ივლისს უკრაინელი ოლგა ხარლანი და ნეიტრალური დროშის ქვეშ მოასპარეზე რუსი ანნა სმირნოვა ერთმანეთს 1/32 ფინალში დაუპირისპირდნენ. რუსი სპორტსმენის დამარცხების შემდეგ კი ხარლანმა უარი თქვა სმირნოვასთვის ხელის ჩამორთმევაზე.

აღნიშნული ქმედება რუსმა სპორტსმენმა გააპროტესტა და ჩემპიონატის 1/16 ფინალში, სადაც ერთმანეთს ბულგარეთი და უკრაინა ხვდებოდნენ, ბულგარელი იოანა ილიევა პირდაპირ გამოაცხადეს გამარჯვებულად. 

კომენტარები