უკრაინა

უკრაინელ მოფარიკავეს რუსი მეტოქისთვის ხელის ჩამორთმევაზე უარისთვის დისკვალიფიკაცია მისცეს

უკრაინელ მოფარიკავეს, ოლგა ჰარლანს ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატზე რუსი მეტოქისთვის ხელის ჩამორთმევაზე უარის გამო დისკვალიფიკაცია მისცეს.

მილანში გამართულ ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატზე 27 ივლისს უკრაინელი ოლგა ჰარლანი და ნეიტრალური დროშის ქვეშ მოასპარეზე რუსი ანნა სმირნოვა ერთმანეთს 1/32 ფინალში დაუპირისპირდნენ. რუსი სპორტსმენის დამარცხების შემდეგ კი ჰარლანმა უარი თქვა სმირნოვასთვის ხელის ჩამორთმევაზე.

აღნიშნული ქმედება რუსმა სპორტსმენმა გააპროტესტა და ჩემპიონატის 1/16 ფინალში, სადაც ერთმანეთს ბულგარეთი და უკრაინა ხვდებოდნენ, ბულგარელი იოანა ილიევა პირდაპირ გამოაცხადეს გამარჯვებულად. 

უკრაინის ფარიკაობის ფედერაცია ამზადებს საჩივარს ოლგა ხარლანის დისკვალიფიკაციის თაობაზე. ფედერაციის პრეზიდენტის, მიჰაილ ილიაშევის თქმით, შეხვედრის არბიტრმა არ ჩათვალა, რომ საჭირო იყო უკრაინელი სპორტსმენის დისკვალიფიკაცია და ეს გადაწყვეტილება შემდგომ, ფარულად იქნა მიღებული.

"არბიტრი, რომელიც მსაჯობდა შეხვედრას შავი ბარათი არ უჩვენებია ოლგა ჰარლანისთვის და არ მისცა დისკვალიფიკაცია, მხოლოდ შემდეგ დაიწყო საიდუმლო თამაშები". – ამბობს ილიაშევი.

მიუხედავად იმისა, რომ რუსი სპორტსმენი ნეიტრალური დროშის ქვეშ ასპარეზობდა ჩემპიონატზე, მომხდარს გამოეხმაურა რუსეთის სპორტის მინისტრი, ოლეგ მატიცინი და ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილება დადებითად შეაფასა. 

"საერთაშორისო ფედერაციამ დისკვალიფიკაციით სწორი გადაწყვეტილება მიიღო თანასწორობისა და სპორტის წესებზე დამყარებული სამართლიანი შეჯიბრის უზრუნველსაყოფად. მსგავსი ინციდენტები მიუღებელია". – ამბობს მატიცინი. 

კომენტარები