საქართველო-აშშ

კობახიძე აშშ-ის საელჩოს განცხადებაზე: ეს პასუხი საკმარისი არ არის

ქართული ოცნება

ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ აშშ-ის საელჩოს განცხადებას, სადაც ის უარყოფს სააკაშვილის თემის ლობირებას, "არასაკმარისი" უწოდა. მისი თქმით, საელჩო არ პასუხობს მთავარ კითხვას, რაც საზოგადოებაში სერიოზულ გაურკვევლობას იწვევს. კობახიძემ ასევე გააკრიტიკა საელჩოს განცხადების "ტონი". მისი სიტყვებით, იმის თქმა, რომ მედიამ და ქართული ოცნების წევრებმა ტყუილი გაავრცელეს, "შეურაცხმყოფელია".

"ეს პასუხი საკმარისი არ არის. რა თქმა უნდა, ლობიზმში, ზუსტად რომ გავიხსენოთ მათი ფრაზა, როგორც მახსოვს, ასე ეწერა, რომ ლობისტურ საქმიანობაში საელჩო და მისი თანამშრომლები არ იყვნენ ჩართული. მაგრამ ეს სხვა რამეს ნიშნავს. რა თქმა უნდა, ლობისტურ საქმიანობაში ჩართული იყო კონკრეტული კომპანია - აკერმანი, მაგრამ აქ კითხვა სხვა რამ არის, რატომ არ პასუხობენ ამ კითხვას - საელჩოს კონკრეტული თანამშრომელი იყო თუ არა ჩართული იმ საქმიანობაში რომელიც არის ნახსენები FARA-ში? ამაზე პასუხი არ გასცა არც საელჩომ და არც საქართველოს პრეზიდენტმა. და, რა თქმა უნდა, აქედან გამომდინარე, საზოგადოებას რჩება სერიოზული კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ რა როლი ჰქონდა საელჩოს კონკრეტულ თანამშრომელს ამ საქმეში". - აღნიშნავს კობახიძე.

კობახიძის თქმით, აშშ-ის საელჩოს განმარტებით ლობისტურ საქმიანობაში არმონაწილეობა ნიშნავს, რომ "კომპანია აკერმანი არ არის აშშ-ის საელჩო", თუმცა, პასუხგაუცემელი რჩება კითხვა, იყო თუ არა მასში ჩართული საელჩოს თანამშრომელი. 

24 ივლისს სამთავრობო მედია იმედმა, ქართული ოცნების სპიკერებმა და წევრებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ აშშ-ს საელჩოს თანამშრომელ ევა ენლიოტს ლობისტებისგან მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრა ევალებოდა.   

აშშ-ს ელჩის, კელი დეგნანის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას არ იცნობდა, ოცნების ლიდერებმა "არადამაჯერებელი და წარმოუდგენელი" უწოდეს. 

აღნიშნულს აშშ-ის საელჩო განცხადებით გამოეხმაურა, სადაც წერია, რომ ცნობები იმაზე, თითქოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ლობირებაში საელჩოს თანამშრომლებმა ფული მიიღეს, "ცრუ და უპასუხისმგებლოა".  

26 ივლისს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილე ვედანტ პატელიც გამოეხმაურა მიმდინარე სიტუაციას და აღნიშნა, რომ აშშ-ის საელჩო საქართველოში არასდროს ჩართულა მიხეილ სააკაშვილის ლობირებაში

კითხვაზე, თუ რა შეიძლება იყოს საქართველოს როგორც სამთავრობო მედიების, ისე ხელისუფლების მიერ აშშ-ის საელჩოს წინააღმდეგ ბრალდების მიზეზი, პატელმა აღნიშნა, რომ იგი რომელიმე მხარის "ფსიქოლოგიურ შეფასებას არ აპირებს".

"კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ აშშ-ის საელჩო თბილისში არასდროს ჩართულა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის სასარგებლოდ ლობირებაში". - თქვა პატელმა. 

კომენტარები