ჩინეთი-რუსეთი

რუსეთი: პუტინი ოქტომბერში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ხვდება ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინფინგს. რუსეთი, 2018 წლის 11 სექტემბერი 
Sergei Bobylev/TASS Host Photo Agency/Pool via REUTERS/File Photo

რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის, იური უშაკოვის თქმით, ოქტომბერში დაგეგმილ ერთი სარტყელი - ერთი გზის ფორუმზე დასასწრებად პუტინი ჩინეთში ჩასვლას გეგმავს.

"ცნობილია, რომ მოწვევა მივიღეთ და ჩინეთში წასვლას ვაპირებთ". - თქვა კრემლის წარმომადგენელმა.

მანამდე შესაძლო ვიზიტთან დაკავშირებით პრეზიდენტის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმაც გაავრცელა ინფორმაცია და თქვა, რომ დღის წესრიგში სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობებისა და საერთაშორისო ვითარების განხილვა შევიდოდა.

2000 წლიდან მოყოლებული პუტინი ჩინეთში 17-ჯერ ჩავიდა, ბოლოს 2022 წლის 4 თებერვალს, ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნის ღონისძიებაზე დასასწრებად.

2013 წლიდან, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ სი ძინფინგი კი რუსეთს 8-ჯერ ეწვია.

საერთაშორისო ვიზიტებისა და ფორუმების ფარგლებში გამართული მოლაპარაკებების გათვალისწინებით, სი და პუტინი ერთმანეთს უკვე 30-ჯერ მაინც შეხვდნენ.


უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთი მნიშვნელოვნად გახდა დამოკიდებული ჩინეთზე, რომელიც აგრესორ ქვეყანას ეკონომიკური სანქციების გამკლავებაში ეხმარება. 2022 წელს ქვეყნებს შორის ორმხრივმა ვაჭრობამ რეკორდული $190 მილიარდი შეადგინა. პეკინმა გაზარდა რუსული ენერგორესურსების შესყიდვები და დაიწყო მოსკოვისთვის მნიშვნელოვანი ტექნოლოგიების, მათ შორის მიკროჩიპების მიწოდება.

გარდა ამისა, POLITICO-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მიუხედავად რუსეთ-უკრაინის ომში გაცხადებული ნეიტრალური პოზიციისა და სამშვიდობო როლის თამაშის მცდელობებისა, ჩინეთი რუსეთს არალეტალური, თუმცა ბრძოლის გასაგრძელებლად აუცილებელი აღჭურვილობით ამარაგებს.

ეს საკითხი იყო განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა გასულ თვეში ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინფინგსა და აშშ-ს სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს შორის გამართულ შეხვედრაზე. ბლინკენმა შეხვედრის შემდეგ მედიისთვის მიცემულ კომენტარში თქვა, რომ ჩინეთმა დაარწმუნა აშშ და სხვა ქვეყნები, რომ რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ ომში ლეტალურ იარაღს არ მიაწვდის და ამის საწინააღმდეგოდ არანაირი მტკიცებულება არ არსებობს.

"თუმცა, ის რასთან დაკავშირებითაც ისევ შეშფოთებულები ვართ არის ჩინური ფირმები, კომპანიები, რომლებიც შესაძლოა რუსეთს აწვდიდნენ ტექნოლოგიებს, რომელსაც შეუძლია უკრაინაში მისი აგრესიის ხელშეწყობა. ჩვენ ვთხოვეთ ჩინეთის მთავრობას, რომ ამასთან დაკავშირებით ძალიან ფხიზლად იყვნენ". - დასძინა ბლინკენმა.

რუსეთის ქმედებებზე ჩინეთის გავლენისა და სი-პუტინის ბოლო შეხვედრის მნიშვნელობის შესახებ ივლისის დასაწყისში Financial Times-ი ჩინელ და დასავლელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერდა, რომ სი ძინფინგმა ვლადიმირ პუტინი პირადად გააფრთხილა, რომ ბირთვული იარაღი უკრაინაში არ გამოეყენებინა, რაც პეკინის მიერ მოსკოვის მდუმარე მხარდაჭერის მიუხედავად რუსეთის ომთან დაკავშირებით ჩინეთის შეშფოთებას უსვამს ხაზს.

გამოცემის ცნობით, მარტში სი ძინფინგის ვიზიტის შემდეგ პუტინი იმედგაცრუებული დარჩა, რამდენადაც გამართულ მოლაპარაკებებს არანაირი ხელშესახები შედეგი რუსეთისთვის არ მოუტანია: სის გაფრთხილებასთან ერთად, ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის ალტერნატიულ ციმბირის ძალა 2 მილსადენზე შეთანხმება ვერ შედგა.

როგორც FT-ს ჩინეთის მთავრობის ერთ-ერთმა მრჩეველმა უთხრა, პუტინის დაყოლიება ბირთვული იარაღის გამოუყენებლობაზე ევროპასთან ურთიერთობის აღდგენის ძალისხმევის ფარგლებში ერთ-ერთი ცენტრალური მიმართულება იყო.

კომენტარები