რუსეთი-ჩინეთი

ნოვაკი: ჩრდილოეთის ნაკადი 2-ს ჩინეთისკენ მიმავალი გაზსადენი ციმბირის ძალა 2 ჩაანაცვლებს

რუსეთის ენერგეტიკის მინისტრის, ალექსანდრე ნოვაკის თქმით, გაზსადენ ჩრდილოეთის ნაკადი 2-ს ჩინეთისკენ მიმავალი ალტერნატიული გაზსადენი ციმბირის ძალა 2 ჩაანაცვლებს.

ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის მშენებლობა, რომელსაც გაზი ევროპისთვის, კერძოდ გერმანიისთვის უნდა მიეწოდებინა, 2021 წელს დასრულდა, თუმცა პროექტის სერტიფიცირება რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ გაჩერდა.

როგორც ნოვაკმა აღნიშნა, რუსეთი და ჩინეთი ახლო მომავალში ხელს მოაწერენ შეთანხმებას, რომელიც ციმბირის ძალა 2-ის გავლით ჩინეთისთვის წელიწადში 50 მილიარდი კუბური მეტრის გაზის მიწოდებას ითვალისწინებს.

აღნიშნული მოცულობა ჩრდილოეთის ნაკადი 1-ის თითქმის მაქსიმალურ სიმძლავრეს წარმოადგენს, რომელიც სექტემბრის შემდეგ გაჩერებულია.

ჩრდილოეთის ნაკადი 1, რომელიც რუსეთსა და გერმანიას აკავშირებს, ევროკავშირისთვის რუსული გაზის მიწოდების მესამედს უზრუნველყოფდა.

ციმბირის ძალა 2-ის გამოყენებით რუსეთი ჩინეთს გაზს მონღოლეთის გავლის მიაწოდებს. გაზსადენის მშენებლობა 2024 წელს დაიწყება.

კომენტარები