უძრავი ქონება

თბილისში უძრავი ქონება კიდევ გაძვირდა – ფასები უბნების მიხედვით

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წლის მეორე კვარტალში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასები გაიზარდა, კერძოდ, ინდექსის (RPPI) წლიურმა ზრდამ 13.1% შეადგინა, 2020 წლის საშუალოსთან შედარებით კი, ფასები 28.8%-ითაა გაზრდილი.

2020 წლის საშუალოსთან შედარებით, ბინების ფასები 27.8%-ით, კერძო სახლების კი 29.2%-ით გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ სტატისტიკა შემოიფარგლება მხოლოდ თბილისით და მოიცავს მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, როგორც მრავალსართულიანი სახლების (ბინების), ისე კერძო სახლების სეგმენტებს.

2023 წლის მეორე კვარტალში წინა კვარტალთან შედარებით ბინების ფასი 3.4%-ით გაიზარდა, ხოლო კერძო სახლების ფასი – 1.6%-ით. 2022 წლის მეორე კვარტალთან შედარებით კი, ფასები ასევე ორივე სეგმენტში გაიზარდა – ბინებზე 10.6%-ით, ხოლო კერძო სახლებზე –16.2%-ით.

დედაქალაქის ყველაზე ძვირადღირებულ საცხოვრებელ უბნებად ისევ მთაწმინდა და ვაკე რჩება. ყველაზე იაფად კი, უძრავი ქონების შეძენა სამგორსა და გლდანშია შესაძლებელი. 

საშუალოდ, 1მ2 ახალი საცხოვრებელი ბინის ღირებულება მთაწმინდაზე 5 167 ლარს შეადგენს, ხოლო სამგორში – 2 718 ლარს.

რაც შეეხება კერძო სახლებს, 1მ2-ის ღირებულება მთაწმინდაზე 3 776 ლარს, ხოლო გლდანში 1 955 ლარს შეადგენს. 

აღსანიშნავია, რომ საქსტატი ბინების ფასს ლარში ითვლის, ბოლო ერთ წელში დოლარი ლართან მიმართებით მკვეთრად გაუფასურდა, რაც იმას ნიშნავს, რომ დოლარში ბინების ფასი პროცენტულად კიდევ უფრო გაძვირდა.

კომენტარები