ყურანის დაწვა

ორმა დემონსტრანტმა კოპენჰაგენში ერაყის საელჩოს წინ ყურანი დაწვა

Ritzau Scanpix/Thomas Sjoerup/via REUTERS

23 ივლისს ორმა დემონსტრანტმა კოპენჰაგენში, ერაყის საელჩოს წინ ყურანი დაწვა. დემონსტრანტები საკუთარ თავს “დანიელ პატრიოტებად” მოიხსენიებენ. რამდენიმე დღის წინ დემონსტრანტებმა ყურანის დაწვის ამსახველი ვიდეო Facebook-ზე განათავსეს. 23 ივლისს დემონსტრანტებმა ისლამის წმინდა წიგნი ერაყის დროშასთან ერთად დაწვეს. 

2023 წლის ივლისში ყურანის დაწვის შემთხვევები დაიწყო შვედეთში, ერაყის საელჩოს წინ, რასაც ბაღდადში მასშტაბური გამოსვლები და შვედეთის საელჩოს ტერიტორიაზე შეჭრა მოჰყვა. 19 ივლისს შვედეთის პოლიციამ დემონსტრანტებს დართო ნება, ერაყის საელჩოს გარეთ გაემართათ აქცია, რომელშიც მონაწილეობას ორი ადამიანი მიიღებდა. შვედური მედია იტყობინებოდა, რომ ორი პირი ყურანის დაწვას გეგმავდა. ცნობების მიხედვით, ერთ-ერთი იყო ის ერაყელი კაცი, რომელმაც ყურანი სტოკჰოლმში მდებარე მეჩეთთან ივნისში დაწვა. აქამდე შვედეთის პოლიციამ მსგავსი დემონსტრაციების ჩატარებაზე, უსაფრთხოების საკითხების გამო, უარი თქვა. შემდეგში უზენაესმა სასამართლომ პოლიციის გადაწყვეტილებები შეცვალა და აღნიშნა, რომ მსგავსი ქმედებები დაცულია ქვეყნის გამოხატვის თავისუფლებით.

შვედეთში ერაყის საელჩოსთან ყურანის დაწვის ფაქტის გამო, ბაღდადში მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები მიმდინარეობს. შვედეთის ელჩი გააძევა ერაყმა და საუდის არაბეთმა. ბაღდადში მიმდინარე საპროტესტო აქციების ორგანიზატორები შიიტი სასულიერო პირის, მუკთადა სადრის მხარდამჭერები იყვნენ. საპროტესტო ტალღა გავრცელდა ირანშიც. 

23 ივლისს კოპენჰაგენში საელჩოს წინ მომხდარი ინცინდენტის გამო დაიძაბა დიპლომატიური ურთიერთობა დანიასა და ახლო აღმოსავლეთის ისლამურ სახელმწიფოებს შორის. 

22 ივლისს ირანის სულიერმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ თქვა, რომ ადამიანი, რომელიც ყურანს წაბილწავს ყველაზე მკაცრი სასჯელით უნდა დაისაჯოს.  

კომენტარები