რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მოსკოვის ცენტრში ორი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა

დეონის დაჯახების შედეგად დაზიანებული შენობა

მოსკოვის ცენტრში ორი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა. ინფორმაცია ამის შესახებ თავდაპირველად ტელეგრამ-არხებზე, შემდეგ მედიებშიც გავრცელდა. 

განცხადება გააკეთა მოსკოვის მერმა და რუსეთის თავდაცვის სამინისტრომაც და მათ იერიშში უკრაინა დაადანაშაულეს. თავდაცვის უწყება მომხდარს "ტერორისტული თავდასხმის მცდელობას" უწოდებს. მათი მტკიცებით, ორივე დრონი რადიოელექტრონული ბრძოლის მეთოდებით ჩამოაგდეს და შედეგად არავინ დაშავებულა. 

"24 ივლისის დილას აღკვეთილ იქნა კიევის რეჟიმის ტერორისტული თავდასხმის მცდელობა ქალაქ მოსკოვის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებზე ორი უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენებით. რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებების გამოყენებით ორი უკრანული დრონი უვნებელყოფილ იქნა და ჩამოვარდა. კიევის რეჟიმის ტერორისტული თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა". - აცხადებენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.

მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის თქმით, თავდასხმა დაახლოებით დილის 4 საათზე მოხდა. ისიც ირწმუნება, რომ თავდასხმას არავის დაშავება და დიდი ნგრევა არ მოჰყოლია, თუმცა დრონები 2 არასაცხოვრებელ შენობას მოხვდა. 

"დღეს, დაახლოებით დილის 4 საათზე დაფიქსირდა ორ არასაცხოვრებელ შენობაზე დრონებით თავდასხმა. სერიოზული ნგრევა და დაშავებულები არ მოჰყოლია". - წერს სობიანინი.

ტელეგრამ-არხებზე ვრცელდება ვიდეოები და ფოტოები, რომლებშიც მრავალსართულიანი შენობის დაზიანებული ზედა ნაწილი ჩანს. კიდევ ერთ კადრებში აღბეჭდილია შენობის პირველ სართულზე მდებარე ობიექტის დაზიანება.

უკრაინას მომხდარსა და ბრალდებებზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

რუსულ სამთავრობო-პროპაგანდისტულ მედია ТАСС-თან გადაუდებელ ვითარებათა სამსახურის წარმომადგენელმა თქვა, რომ დრონი ლიხაჩევის ქუჩაზე მდებარე ბიზნესცენტრის შენობას დაეჯახა. ამავე წყაროს ცნობით, არავინ დაშავებულა.

ამას გარდა, ТАСС-ი წერდა, რომ დრონის ნარჩენები იპოვეს მოსკოვის ცენტრში მდებარე კომსომოლის 17 ნომერთან. ეს ლოკაცია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შენობის მახლობლად მდებარეობს.

ლიხაჩევისა და კომსომოლის ქუჩებზე დრონების ჩამოვარდნის შემდეგ მოძრაობა გადაკეტეს.

აშშ-ში ბაზირებული საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი, რობ ლი საკუთარ Twitter-ზე წერს, რომ კომსომოლის ქუჩაზე დრონის ჩამოვარდნის ლოკაცია რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მართვის ეროვნული ცენტრიდან თითქმის 200 მეტრში მდებარეობს.

ამას გარდა Bellingcat-ის გამომძიებელი ჟურნალისტი, ხრისტო გროზევი ამბობს, რომ კომსომოლის ქუჩაზე დრონის ჩამოვარდნის ადგილის მახლობლად მდებარეობს დაზვერვის მთავარი სამმართველოს (ГРУ) "კიბერმებრძოლების" შენობის წინ. მისივე თქმით, აქედან მუშაობს ჰაკერული ჯგუფი FancyBear-ი. გროზევმა ასევე აღნიშნა, რომ აქვე მდებარეობს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს უნივერსიტეტი და ГРУ-ს გასაიდუმლოებული ობიექტები. მისი შეფასებით, ობიექტებს სულ მცირე ზიანი მაინც მიადგა, რადგან ფოტოებში ჩამსხვრეული ფანჯრები ჩანს.

კომენტარები