რუსეთი-პოლონეთი

პუტინი იმუქრება, რომ ბელარუსზე თავდასხმას, "ხელთ არსებული ყველა საშუალებით" უპასუხებს

Getty Images

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ირწმუნება, რომ პოლონეთში ბელარუსის ტერიტორიებზე "ოცნებობენ" და მათ წინააღმდეგ ძალის გამოყენების შემთხვევას, "ხელთ არსებული ყველა საშუალებით" უპასუხებენ. ამის შესახებ მან უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე ისაუბრა.

პუტინის მტკიცებით, პოლონეთს სურს, რომ NATO-ს კოლექტიური თავდაცვის იმედად შექმნას კოალიცია, რომელიც უკრაინის კონფლიქტში ჩაერთვება, რათა შემდეგ უკრაინის მიწების ოკუპაცია შეძლონ. მისივე თქმით, პოლონელებს ბელარუსის ტერიტორიების მითვისებაც სურთ.

"რაც შეეხება პოლონელ ლიდერებს, ისინი ალბათ NATO-ს ქოლგის ქვეშ ელიან გარკვეული კოალიციის ფორმირებასა და უკრაინაში კონფლიქტში პირდაპირ ჩარევას, რათა შემდეგში თავისთვის დიდი ნაჭერი მოიჭრან, დაიბრუნონ, როგორც თვლიან, საკუთარი ისტორიული ტერიტორია – დღევანდელი დასავლეთ უკრაინა. კარგადაა ცნობილი, რომ ოცნებობენ ბელარუსის მიწებზეც". – თქვა პუტინმა.

პუტინის თქმით, უკრაინის საქმეებში ჩარევას არ აპირებს, თუმცა თუ ბელარუსის წინააღმდეგ აგრესიას მიმართავენ, რადგან ეს უკანასკნელი სამოკავშირეო სახელმწიფოს წევრია, რუსეთი "ხელთ არსებულ ყველა საშუალებას" გამოიყენებს. 

"რაც შეეხება უკრაინული რეჟიმის პოლიტიკას, ეს მათი საქმეა. უნდათ, როგორც მოღალატეებს ჩვევიათ, რაღაცის გაცემა, გაყიდვა, უფროსებისთვის რაღაცით გადახდა - ეს, ვიმეორებ, საბოლოო ჯამში, მათი საქმეა. ჩვენ ამაში არ ჩავერევით. მაგრამ რაც შეეხება ბელარუსს, ეს სამოკავშირეო სახელმწიფოს ნაწილია, ბელარუსის წინააღმდეგ აგრესიის გაჩაღება ნიშნავს აგრესიას რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ. ამას ჩვენს ხელთ არსებული ყველა საშუალებით ვუპასუხებთ". – თქვა პუტინმა.

პუტინი ირწმუნება, რომ შესაძლოა პოლონურ-ლიტვურ-უკრაინული სამხედრო გაერთიანება დასავლეთ უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციისთვის გამოიყენონ და თუ პოლონელები ლვოვში შევლენ, მას აღარ დატოვებენ.

25 მაისს რუსეთისა და ბელარუსის თავდაცვის მინისტრებს შორის გაფორმდა ხელშეკრულება ტაქტიკური ბირთვული იარაღის ბელარუსის ტერიტორიაზე განთავსების შესახებ. ივნისში ბელარუსმა რუსული ბირთვული შეიარაღების მიღება და განთავსება დაიწყო.

კომენტარები