რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პუტინი ირწმუნება, რომ პოლონეთს უკრაინის ოკუპაცია სურს

ვლადიმირ პუტინი
Гавриил Григоров / AFP / Scanpix / LETA

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ირწმუნება, რომ შესაძლოა პოლონურ-ლიტვურ-უკრაინული სამხედრო გაერთიანება დასავლეთ უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციისთვის გამოიყენონ და თუ პოლონელები ლვოვში შევლენ, მას აღარ დატოვებენ. ამის შესახებ მან უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე ისაუბრა.

"არ შემიძლია კომენტარი არ გავაკეთო იმაზე, რაზეც ახლა საუბარი მიდიოდა და პრესაში გავრცელებულ ცნობებზე, რომ იგეგმება გარკვეული  ე.წ. პოლონურ-ლიტვურ-უკრაინული გაერთიანების შექმნა. ანუ საუბარია არა დაქირავებულთა რაღაც ნაკრებზე, ისინი საკმარისად არიან და ვანადგურებთ, არამედ რეგულარულ, კარგად შეკრულ, აღჭურვილ სამხედრო გაერთიანებაზე, რომლის გამოყენებაც უკრაინის ტერიტორიაზე იგეგმება. მათ შორის, თანამედროვე დასავლეთ უკრაინის ვითომდა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რეალურად კი, ყველაფერს თავისი სახელი რომ დავარქვათ, ამ ტერიტორიების სამომავლო ოკუპაციისთვის. პერსპექტივა ხომ აშკარაა -  თუ პოლონური ნაწილები შევლენ, მაგალითად, ლვოვში, ან უკრაინის სხვა ტერიტორიაზე, მაშინ ისინი იქ დარჩებიან. თანაც სამუდამოდ დარჩებიან". – ირწმუნება პუტინი.

პუტინი ცდილობდა არგუმენტად მოეყვანა წარსული გამოცდილება, როცა პოლონეთი ტერიტორიულ ექსპანსიას საუკუნეების წინ ცდილობდა. მისი მტკიცებით, ვარშავას მსგავსი პოლიტიკა ძვირად დაუჯდა მეორე მსოფლიო ომის დროს. პუტინმა პოლონეთის დასავლეთ მიწებს იოსებ სტალინის მიერ გაკეთებული საჩუქარი უწოდა და თქვა, რომ თუ ეს ვარშავაში არ ახსოვთ, ის მათ ამას შეახსენებს.

"ასევე მსურს შეგახსენოთ, ასეთი აგრესიული პოლიტიკა პოლონეთისთვის როგორ დასრულდა. დასრულდა 1939 წლის ეროვნული ტრაგედიით, როცა პოლონეთი დასავლელმა მოკავშირეებმა მიაგდეს გერმანული საომარი მანქანის მიერ "შესაჭმელად" და ფაქტობრივად დათმო თავისი დამოუკიდებლობა და სახელმწიფოებრიობა, რომელიც დიდწილად საბჭოთა კავშირის წყალობით აღდგა. და სწორედ საბჭოთა კავშირის წყალობით, სტალინის პოზიციის წყალობით, პოლონეთმა დასავლეთით მნიშვნელოვანი მიწები მიიღო, გერმანიის მიწები. ეს სწორედ ასეა, დღევანდელი პოლონეთის დასავლეთ ტერიტორიები არის სტალინის საჩუქარი პოლონელებისთვის. ჩვენს მეგობრებს ვარშავაში ეს დაავიწყდათ? შევახსენებთ". – თქვა პუტინმა.

პუტინი ირწმუნება, რომ, ამ გეგმებთან დაკავშირებით, პოლონელ ლიდერებს "NATO-ს ქოლგის", ანუ კოლექტიური თავდაცვის იმედი აქვთ. მისივე მტკიცებით, ვარშავა არამხოლოდ უკრაინულ, არამედ ბელარუსის მიწებზეც "ოცნებობს". პუტინი ბელარუსის წინააღმდეგ აგრესიის შემთხვევაში "ხელთ არსებული ყველა საშუალების" გამოყენებით იმუქრება.

"რაც შეეხება უკრაინული რეჟიმის პოლიტიკას, ეს მათი საქმეა. უნდათ, როგორც მოღალატეებს ჩვევიათ, რაღაცის გაცემა, გაყიდვა, უფროსებისთვის რაღაცით გადახდა - ეს, ვიმეორებ, საბოლოო ჯამში, მათი საქმეა. ჩვენ ამაში არ ჩავერევით. მაგრამ რაც შეეხება ბელარუსს, ეს სამოკავშირეო სახელმწიფოს ნაწილია, ბელარუსის წინააღმდეგ აგრესიის გაჩაღება ნიშნავს აგრესიას რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ. ამას ჩვენს ხელთ არსებული ყველა საშუალებით ვუპასუხებთ". – თქვა პუტინმა.

აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა რუსი მაღალჩინოსნები ირწმუნებიან, რომ პოლონეთს დასავლეთ უკრაინის ანექსია სურს. გასულ წელს ამას ამბობდა რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორის, სერგეი ნარიშკინიც.

კომენტარები