მიხეილ სააკაშვილი

პაპუაშვილი: პოლონეთის მთავრობას აქვს მტკიცების ტვირთი, განმარტონ ექიმის საქციელის მოტივი

ქართული ოცნება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ პოლონეთის მთავრობას აქვს მტკიცების ტვირთი, განმარტონ, რა იყო იმ ექიმის ქცევის მოტივი, რომელსაც ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პალატიდან ნიმუში ფეხსაცმლით გამოჰქონდა.   

"საბოლოო ჯამში, აღმოჩნდა, რომ პოლონელი ექიმების ჩამოსვლა ლობირებული იყო და ვნახეთ, რა ფული, ძალები და ქსელები იყო ამაში ჩართული. საქართველოს მთავრობამ ანგარიში გაუწია, მათ შორის, პოლონეთის ხელისუფლებას და მისცა შესაძლებლობა პოლონელ ექიმებს, რომ შესულიყვნენ. ეს კეთილგანწყობა, სამწუხაროდ, ბოროტად იქნა გამოყენებული ერთ-ერთი ექიმის მხრიდან, როდესაც ის ცდილობდა, მალულად, კონტრაბანდულად გაეტანა ნიმუში, რომელიც აიღო. 

[...] გვეუბნებიან, რომ ჩანთაც აქვს, ჯიბეც აქვს და ადამიანს ასეთი ჩვევა აქვს, რომ ფეხსაცმელში ინახავს რაღაცებს. აქედან გამომდინარე, საგარეო საქმეთა სამინისტრომ სთხოვა განმარტება პოლონეთის საელჩოს, ელჩის მოადგილემ თქვა, რომ მას ინფორმაცია არ ჰქონდა. ეთხოვა მას, რომ მთავრობასთან გაევლო კონსულტაცია, რა ახსნა ექნებოდა ამას და გუშინ ჩვენ ვნახეთ პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება, რომელმაც ასევე არანაირი ახსნა არ მოგვცა. 

ახლა არის ასეთი სიტუაცია - ფაქტია, რომ თავად პოლონეთის მთავრობის გამოგზავნილი ამ ჯგუფის მიერ ჩადენილმა საქციელმა წარმოშვა გონივრული ეჭვი, რომ, შესაძლოა, ჩაფიქრებული იყო ანალიზის გაყალბება იმ სცენარიდან გამომდინარე, რომელიც ჩვენ აქამდე ვიხილეთ. შესაბამისად, ახლა პოლონეთის მთავრობას აქვს მტკიცების ტვირთი, რომ ეს ეჭვი გაფანტოს, არა პრეტენზიები წამოაყენოს, იქ კამერა რატომ იდგა თურმე პალატასთან და ა.შ. უნდა გაფანტოს ეჭვი. ჩვენ, სამწუხაროდ, გუშინდელ განცხადებაში ვნახეთ, რომ ამ ეჭვის გაფანტვას არც კი შეეცადა პოლონეთის ხელისუფლება. ამიტომ, ეს ვალი მათ კვლავ რჩებათ - განმარტონ, რა იყო ამ საქციელის მოტივი". - ამბობს შალვა პაპუაშვილი.  

14 ივლისს კლინიკა ვივამედში პოლონელი ექიმების ჯგუფის მიერ მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთმა პოლონელმა ექიმმა სააკაშვილისგან აღებული ნიმუში ქაღალდში გადაახვია და ფეხსაცმლით მის მალულად გატანას შეეცადა. როგორც მოგვიანებით კლინიკის დირექტორმა, ნინო ნადირაძემ დაწერა, ექიმმა განმარტა, რომ ყველაფერს წინდებში ინახავს და ჯიბეები არ უყვარს.  

17 ივლისს საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოში პოლონეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, მარიუშ პიეტრ ჟაკი დაიბარეს. დიპლომატმა თქვა, რომ ექიმის საქციელის გამომწვევ მიზეზებზე ინფორმირებული არ იყო.  

გუშინ, 19 ივლისს განცხადება გაავრცელა პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ - უწყება ექიმის ქცევას "შეთანხმებასთან შეუსაბამო, განუზრახველ და გაუთვალისწინებელ ინციდენტად" აფასებს. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ პენიტენციური სამსახურის მიერ ვიდეოს გამოქვეყნება თანამშრომლობას ეწინააღმდეგება.  

კომენტარები