ერაყი

სტოკჰოლმში დაგეგმილი ყურანის დაწვის გამო, ბაღდადში შვედეთის საელჩოში შეიჭრნენ

დემონსტრანტები შვედეთის საელჩოსთან ბაღდადში, 2023 წლის 20 ივლისი.
REUTERS/Ahmed Saad

ერაყში, ბაღდადში დემონსტრანტები შვედეთის საელჩოში შეიჭრნენ, სტოკჰოლმში დაგეგმილი აქციის წინ, რომელზეც ყურანი უნდა დაეწვათ.

შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების მიხედვით, საელჩოს თანამშრომლები არ დაშავებულან. უწყებამ დაგმო თავდასხმა და ერაყის მთავრობას დიპლომატიური მისიების დაცვის აუცილებლობა შეახსენა.

დემონსტრაციის ორგანიზატორები შიიტი სასულიერო პირის, მუკთადა სადრის მხარდამჭერები იყვნენ. მათ სურდათ გაეპროტესტებინათ შვედეთში დაგეგმილი აქცია, რომელზეც ბოლო კვირებში უკვე მეორედ დაწვავდნენ ყურანს.

სადრი ერაყში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურაა და მას ასიათასობით მიმდევარი ჰყავს, რომლებიც დროგამოშვებით ლიდერს ქუჩაში გამოჰყავს. მაგალითად, გასულ ზაფხულში სადრის მიმდევრებმა ბაღდადის გამაგრებული მწვანე ზონა დაიკავეს და მომაკვდინებელ შეტაკებებს ბიძგი მისცეს.

ოთხშაბათს, 19 ივლისს შვედეთის პოლიციამ დემონსტრანტებს დართო ნება, ერაყის საელჩოს გარეთ გაემართათ აქცია, რომელშიც მონაწილეობას ორი ადამიანი მიიღებდა. შვედური მედია იტყობინებოდა, რომ ორი პირი ყურანის დაწვას გეგმავდა. ცნობების მიხედვით, ერთ-ერთი იყო ის ერაყელი კაცი, რომელმაც ყურანი სტოკჰოლმში მდებარე მეჩეთთან ივნისში დაწვა. აქამდე შვედეთის პოლიციამ მსგავსი დემონსტრაციების ჩატარებაზე, უსაფრთხოების საკითხების გამო, უარი თქვა. შემდეგში უზენაესმა სასამართლომ პოლიციის გადაწყვეტილებები შეცვალა და აღნიშნა, რომ მსგავსი ქმედებები დაცულია ქვეყნის გამოხატვის თავისუფლებით.

საელჩოზე თავდასხმის ვიდეოები სხვადასხვა სოციალურ ქსელებში გავრცელდა. ზოგიერთ კადრში ჩანდა როგორ ამოდიოდა შენობიდან კვამლი.

ერაყის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ინციდენტი დაგმო, ხელისუფლებამ კი დადო პირობა, რომ საქმეს მალე გამოიძიებდნენ და ორგანიზატორებს პასუხს აგებინებდნენ. შენობა დემონსტრანტების უმეტესობამ უკვე დატოვა. საელჩოსთან დარჩენილი პირების ნაწილის წინააღმდეგ ერაყის პოლიციამ ძალის გამოყენება სცადა. 

გასული თვის ბოლოს მუკთადა სადრმა გააკეთა მოწოდება, რომ ერაყელი კაცის მიერ სტოკჰოლმში ყურანის დაწვის გამო, შვედეთის წინააღმდეგ დემონსტრაციები დაეწყოთ და მათი ელჩი ქვეყნიდან გაეძევებინათ.

აქამდე ბაღდადში დიპლომატიური მისიის შენობასთან ორი მნიშვნელოვანი დემონსტრაცია გაიმართა და საელჩოს ტერიტორიამდე მხოლოდ ერთხელ მიაღწიეს.

შვედეთში ყურანის დაწვას გამოეხმაურა რამდენიმე მუსლიმური ქვეყანა, მათ შორის ერაყი, თურქეთი, არაბთა გაერთიანებული საამირო, იორდანია და მაროკო ისინი ითხოვდნენ იმ კაცის ექსტრადაციას, რომელმაც ყურანი დაწვა.

კომენტარები