რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის სამხედრო დაზვერვა: ინფორმაცია უკრაინელების მიერ ყირიმის ბაზის აფეთქებაზე ყალბია

REUTERS/Stringer

Kyiv Post-ის ცნობით, ინფორმაცია, თითქოს უკრაინის სამხედრო დაზვერვის უფროსმა დაადასტურა, რომ ყირიმის სამხედრო ბაზის აფეთქება უკრაინული ოპერაცია იყო, ყალბია - ამის შესახებ Kyiv Post-თან სამხედრო დაზვერვის წარმომადგენელმა ისაუბრა. 

სოციალურ ქსელებში გავრცელდა ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიაზე მდებარე სამხედრო ბაზის აფეთქების კადრები. ხანძრის გავრცელების საფრთხის გამო მიმდებარე ტერიტორიებიდან ათასობით ადამიანის ევაკუაცია ხდება. 

ხანძარი სამხედრო საწვრთნელი ბაზის, ასაფრენი ბილიკისა და საბრძოლო მასალის საცავის ტერიტორიაზე გაჩნდა. აღნიშნული პოლიგონი ყირიმის ცენტრში, კიროვის ოლქში მდებარეობს. 

17 ივლისს Telegram-ზე გავრცელდა ყალბი განცხადება, სადაც უკრაინის სამხედრო დაზვერვის უფროსი კირილო ბუდანოვი ადასტურებდა, რომ ყირიმის სამხედრო ბაზის აფეთქება უკრაინული არმიის წარმატებული ოპერაცია იყო. 

უკრაინის წარმომადგენლებმა თქვეს, რომ აღნიშნული განცხადება ყალბია და უკრაინას პასუხისმგებლობა არ აუღია ყირიმის სამხედრო ბაზის აფეთქებაზე. 

ოკუპანტი რეჟიმის წარმომადგენლები ყირიმში ხანძრის გამომწვევ მიზეზს არ ასახელებენ.

 

კომენტარები