რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

WP: აშშ-მ შესაძლოა ყირგიზეთი რუსეთისთვის შეზღუდვების არიდების გამო დაასანქციროს

ვლადიმირ პუტინი და სადირ ჯაფაროვი 2023 წლის 9 მაისის აღნიშვნაზე მოსკოვში.
კრემლი

გამოცემა The Washington Post-ი, ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით, წერს, რომ აშშ-მ ახლო მომავალში ყირგიზეთს, რუსეთისთვის შეზღუდვების არიდებაში დახმარების გამო, სანქციები დაუწესოს.

გამოცემა წერს, რომ მას შემდეგ, რაც რუსეთი დასავლეთისგან სამხედრო გამოყენების პროდუქტს ვეღარ იღებს, მოსკოვი მზარდად ეძებს დახმარებას ცენტრალური აზიის ქვეყნებისგან.

WP-ს ინფორმაციით, აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნები მათთან ამბობენ, რომ განსაკუთრებით შეშფოთებული არიან ყირგიზეთის როლით. სწორედ ყირგიზეთის გავლით რუსეთში ჩინური წარმოების სამოქალაქო დრონები შეჰქონდათ. 

გამოცემა ხაზს უსვამს, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, გასულ თვეებში ყირგიზეთში შესამჩნევად გაიზარდა იმპორტ-ექსპორტის კომპანიები, რომლებიც ძირითადად რუსეთში საქმიანობენ. კომპანიები ნახულობენ სარგებელს იმ პროდუქტების გადატანით, რომლებიც ევროპული და ჩინური წარმოებისაა და სანქცირებული ნივთების სიაშია, როგორიცაა დრონები, თვითმფრინავების ნაწილები, ბომბების ნაწილები და ავტომატების ოპტიკა. აშშ-ს მაღალჩინოსანი, რომელიც გამოცემას ანონიმურად ესაუბრა, ამბობს, რომ ეს საქონელი საჰაერო და სახმელეთო გზებით გადადის რუსეთში.

The Wahington Post-ი ორ ანონიმურ ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, რომ ბიშკეკში გამართული უნაყოფო შეხვედრების შემდეგ, ბაიდენის ადმინისტრაცია ამზადებს ახალ ეკონომიკურ ზომებს ზეწოლის გასაზრდელად, რომ ქვეყანამ რუსეთთან ვაჭრობა შეწყვიტოს. მაღალჩინოსნების თქმით, ზომები, რომლებიც წარსულში მოიცავდა სანქციებსა და შავ სიაში შეყვანას იმ კომპანიების, რომლებსაც ბრალად დარღვევები ედებოდათ, შესაძლოა ამ კვირის ბოლოს მიიღონ.

ერთ-ერთი ამერიკელი მაღალჩინოსანი გამოცემასთან ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ყირგიზეთი სხვა ქვეყნებთან შედარებით პატარაა, სანქციების არიდებისთვის შექმნილი მიუღებელი გარემოს ნათელი მაგალითია.

WP ხაზს უსვამს, რომ საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაციის მიხედვით, ყირგიზეთის ექსპორტები რუსეთში 2022 წელს საგრძნობლად, 250%-ით გაიზარდა, სანამ უკრაინაში ომი დაიწყებოდა. გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ წარსულში ზოგი სახის პროდუქტი ყირგიზეთიდან რუსეთში არც შეჰქონდათ, მაგალითად შეიარაღების ოპტიკური დანადგარები. ასევე, დოკუმენტების მიხედვით, ყირგიზულმა კომპანიებმა ჩინეთიდან და სამხრეთ კორეიდან დაიწყეს დიდი რაოდენობით მნიშვნელოვანი ელექტროტექნიკის შეძენა, მათ შორის ძაბვის გამაძლიერებლების. თითქმის ამავე რაოდენობის იგივე ტიპის ელექტრონიკა პარალელურად ყირგიზეთიდან რუსეთში გადიოდა. როგორც WP-სთან ამერიკელმა მაღალჩინოსანმა თქვა, რუსული ფირმები, რომლებიც ამ საქონელს იღებდნენ, უმეტესწილად, რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიის მომმარაგებლები იყვნენ.

ყირგიზეთის საელჩომ ვაშინგტონში WP-სთან გაკეთებულ კომენტარში აღნიშნა, რომ ქვეყნის ლიდერები საერთაშორისო რეგილაციებისა და უკანანონო ვაჭრონისა და კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლის ერთგულები რჩებიან. მათ რუსეთთან ვაჭრობის ზრდა საქონლის აღრიცხვის გაუმჯობესებით ახსნეს.

კომენტარები