ქალთა უფლებების დაცვის ორგანიზაცია საფარის განცხადებით, 8 ივლისს, თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი გააუპატიურეს. ორგანიზაციაში ვარაუდობენ, რომ ქალზე ერთზე მეტმა მამაკაცმა იძალადა. საფარის ცნობით, შემთხვევის დროს და მომდევნო 12 საათის განმავლობაში ქალი უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა.
"მოძალადეებმა ქალს წინასწარი განზრახვით, მცირე ოდენობის სასმელთან ერთად, სავარაუდოდ, ნარკოტიკული ნივთიერება მიაღებინეს. ქალის მეგობარმა, რომელიც, ამავდროულად გაუპატიურების ფაქტის შემსწრეა, პოლიცია ადგილზევე გამოიძახა. ამის მიუხედავად, გამოძიება რამდენიმე დღის დაგვიანებით, მხოლოდ საფარის საქმეში ჩართვის შემდეგ დაიწყო. პოლიციამ კლინიკას, სადაც ქალი გადაიყვანეს, არ შეატყობინა, რომ პაციენტი სავარაუდო ძალადობის მსხვერპლი იყო. ამიტომ, მეორე დღეს, ის ისე გამოწერეს, რომ არ ჩაუტარეს შესაბამისი გამოკვლევები, არ დაუთვალიერეს სხეული ძალადობის კვალის აღმოსაჩენად, არ აუღეს ბიოლოგიური მასალა შესაბამისი ექსპერტიზისთვის და ა.შ.". - წერია საფარის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ორგანიზაცია პოლიციას გულგრილობაში, არაპროფესიონალიზმსა და დისკრიმინაციულ დამოკიდებულებაში ადანაშაულებს. საფარიში ამბობენ, რომ პოლიციის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა დაზარალებულს უთხრა, რომ თუ ის გაუპატიურების ფაქტს ვერ დაამტკიცებდა, შესაძლოა, ქალი თავად დაეკავებინათ.
"საქმეში საფარის ჩართვის შემდეგ გამოძიება დაიწყო და ქალს ექსპერტიზა ჩაუტარდა. თუმცა, პოლიციის გულგრილი, არაპროფესიონალური და დისკრიმინაციული დამოკიდებულების გამო, მთელი რიგი მნიშვნელოვანი მტკიცებულებები განადგურდა. მაგალითად: ქალის ტანსაცმელი ამოიღეს დაგვიანებით, არ გამოკითხულან სავარაუდო მოძალადეები, არ ამოღებულა მათი ტანსაცმელი და ჭურჭელი, საიდანაც ქალს, სავარაუდოდ, მოწამლული სასმელი დაალევინეს. ასევე, პოლიციამ არ შემოსაზღვრა შემთხვევის ადგილი და ყველა მტკიცებულება, რაც ადგილზე შეიძლება ყოფილიყო, გადაითელა. გარდა ამისა, ქალი ყვება, რომ პოლიციელებს მის მიმართ ცინიკური და დისკრიმინაციული დამოკიდებულება ჰქონდათ. ამ მხრივ, განსაკუთრებით გამოირჩეოდა ვაკე-საბურთალოს მე-4 განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილე. ის ქალის ტელეფონში ათვალიერებდა მის ფოტოალბომს, რითიც, თითქოს, ქალის ცხოვრების წესის შესახებ ინფორმაციის მიღებას ცდილობდა. ასევე, ქალს არწმუნებდა, რომ თუ ვერ დაამტკიცებდა გაუპატიურების ფაქტს, შესაძლოა, თავად ის დაეკავებინათ". - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ორგანიზაცია საფარი ითხოვს, რომ ეს საქმე გამოსაძიებლად თბილისის საგამოძიებო სამმართველოს გადაეცეს, ყველა მოწმე დაიკითხოს, ყველა მტკიცებულება ამოიღონ და ყველა სხვა საგამოძიებო მოქმედება ჩატარდეს იმისთვის, რათა საქმე ეფექტურად გამოიძიონ.
ორგანიზაციის განცხადებით, მათ საქმეში ჩართული პოლიციელების მიერ ჩადენილი სამოხელეო დანაშაულების ფაქტზე სარჩელი უკვე შეიტანეს და ამ სამართალდამცველების პასუხისგებაში მიცემას ითხოვენ.