ქალის გაუპატიურება

საფარი: 2022 წლის იანვარში ბათუმში უკრაინელი ქალი გააუპატიურეს

GETTY

ქალთა უფლებების დაცვის ორგანიზაცია საფარის ცნობით, 2022 წლის იანვარში ბათუმში უკრაინელი ქალი გააუპატიურეს. როგორც საფარის ხელმძღვანელმა, ბაია პატარაიამ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, დაზარალებულმა ქალმა მათ ამ ინციდენტის შესახებ თავად მოუყვა. აღსანიშნავია, რომ ქალისთვის ამ დრომდე დაზარალებულის სტატუსი არ მიუნიჭებიათ და პოლიციას არც დამნაშავე დაუკავებია.

"შემთხვევა მიმდინარე წლის ძველით ახალ წელს მოხდა, როდესაც უკრაინელი ქალი, ლუდმილა საქართველოში, კერძოდ კი ბათუმში დღესასწაულის აღსანიშნავად თავის მეგობართან იმყოფებოდა, სადაც მისთვის უცნობი ალკოჰოლური თუ სხვა ტიპის ნივთიერება მიაღებინეს, შემდეგ კი სხვა ადგილზე გადაიყვანეს და ამის იქით დაზარალებულს კარგად აღარ ახსოვს, თუ რა ხდებოდა. გაუპატიურების მომენტებიც ძალიან ფრაგმენტულად ახსოვს, ისიც არ იცის, ერთი ადამიანი იყო მხოლოდ თუ რამდენიმე პირი მონაწილეობდა მის მიმართ სექსუალურ ძალადობაში. როდესაც ქალი აზრზე მოვიდა, ის იყო გახდილი, ჰქონდა დაზიანებები და უკვე მეორე დღეს, 16 იანვარს მიმართა პოლიციას. პრობლემა იმაშია, რომ გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა, თუმცა, როგორც ჩვენთვის ცნობილია, მათ მთელი რიგი მოქმედებები არ ჩაუტარებიათ და დღემდე ამ ქალს არ აქვს დაზარალებულის სტატუსი. ლუდმილა ჩვენს ორგანიზაციას 3 კვირის წინ დაგვიკავშირდა, რადგან მიაჩნდა, რომ გამოძიება ეფექტურად არ ტარდებოდა. აგრეთვე, მან მოგვიყვა, რომ მეორე დაკითხვის დროს არ ჰყავდა თარჯიმანი და ქართულად დაწერილ ტექსტს მოაწერინეს ხელი, შესაბამისად მან არ იცის, თუ რაზე აქვს ხელი მოწერილი. რადგანაც მას არ აქვს დაზარალებულის სტატუსი, ჩვენც არ გვეძლევა საშუალება, გავეცნოთ საქმის მასალებს. ლუდმილა გვეუბნება, რომ ის ხშირად ხედავს იმ ერთ მოძალადეს, რომლის ამოცნობაც შეუძლია და საქმეში შემაკავებელი ან დამცავი ორდერიც კი არ არსებობს. რა თქმა უნდა, ქალს შიში აქვს, როდესაც მოძალადეს ხედავს. ის თავისუფლად გადაადგილებდა და ლუდმილას საცხოვრებელთან საკმაოდ ახლოს ცხოვრობს". - ამბობს ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ბაია პატარაია.

ორგანიზაცია საფარი ითხოვს, საქმეზე გამოძიება ბათუმის პოლიციის სამმართველომ აწარმოოს და არა იმ განყოფილების პოლიციელებმა, რომლებმაც უკრაინის მოქალაქე ქალი თარჯიმნის გარეშე გამოკითხეს. აგრეთვე, მათი მოთხოვნაა, ქალს დაუყოვნებლივ მიენიჭოს დაზარალებულის სტატუსი და სავარაუდო დამნაშავის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს.

კომენტარები