მიხეილ სააკაშვილი

ჰერჩინსკი: იმედია, პოლონელი ექიმების ვიზიტი დაეხმარება სააკაშვილის სათანადოდ მკურნალობას

European Union in Georgia

საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების ჯგუფის ვიზიტს გამოეხმაურა. ჰერჩინსკიმ იმედი გამოთქვა, რომ ექიმების ვიზიტი დაეხმარება მიხეილ სააკაშვილის სათანადოდ მკურნალობის უზრუნველყოფას.

"ძალიან კარგია, რომ პოლონელმა ექიმებმა რამდენიმე საათი გაატარეს პაციენტთან. ასევე, მოხარული ვარ, რომ ისინი ესაუბრნენ ვივამედის ექიმებს, რომლებიც სააკაშვილს უვლიან. გულწრფელად მაქვს იმედი, რომ პოლონელი ექიმების ექსპერტიზა ხელს შეუწყობს პაციენტის მკურნალობას. მსურს, მადლიერება გამოვხატო საქართველოს მთავრობის წარმომადგენელთა მიმართ. გარკვეული დრო დასჭირდა იმის უზრუნველყოფას, რომ ყველა საჭირო მოთხოვნა დაკმაყოფილებულიყო და როცა პოლონელი ექიმები ჩამოვიდნენ საქართველოში, ძალიან სწრაფად მიეცათ საშუალება, მოენახულებინათ ყოფილი პრეზიდენტი. იმედი მაქვს, მათი ვიზიტი დაეხმარება იმის უზრუნველყოფას, რომ სააკაშვილს სათანადოდ მკურნალობენ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სრულად იყოს დაცული სააკაშვილის უფლებები, როგორც მოპასუხის, სასამართლოში და როგორც პაციენტის". – თქვა ჰერჩინსკიმ პირველი არხის ცნობით.

14 ივლისს კლინიკა ვივამედში პოლონელი ექიმების ჯგუფის მიერ მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთმა პოლონელმა ექიმმა სააკაშვილისგან აღებული ნიმუში ქაღალდში გადაახვია და ფეხსაცმლით მის მალულად გატანას შეეცადა.

17 ივლისს საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოში პოლონეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, მარიუშ პიეტრ ჟაკი დაიბარეს. შეხვედრა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების ვიზიტს და ბიოლოგიური ნიმუშის სავარაუდო გატანის მცდელობას შეეხებოდა.

კომენტარები