საქართველო-ევროკავშირი

კობახიძე 44 ევროპარლამენტარის მოწოდებაზე: აბსურდი და სამარცხვინოა

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე 44 ევროპარლამენტარის მოწოდებას გამოეხმაურა, სადაც ისინი საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ ევროკავშირის ერთ-ერთ წევრ ქვეყანაში გადაყვანას ითხოვენ. კობახიძემ ევროპარლამენტარების ამ ჯგუფს ოდიოზური უწოდა და თქვა, რომ რასაც ისინი აკეთებენ, არის აბსურდი და სამარცხვინო.

"ამ მოწოდების ავტორები ოდიოზური ევროპარლამენტარები არიან. თქვენ გახსოვთ, 600 დღის განმავლობაში მიხეილ სააკაშვილი ყოველდღე კვდებოდა. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ გაირკვა, რომ სააკაშვილმა გადაწყვიტა, ყოველდღე აღარ კვდებოდეს, თუმცა, რაღაც მომენტის შემდეგ ეს გადაწყვეტილება ისევ შეცვალა. ეს უბრალოდ არასერიოზული და სამარცხვინოა. რასაც ეს ოდიოზური ევროპარლამენტარები აკეთებენ, არის არა მარტო აბსურდი, არამედ, უბრალოდ სამარცხვინოა. ამ ყველაფრის უკან კონკრეტული მიზანი დგას. მიზანი კი არის პოლარიზაციის გაღვივება, საქართველოში არეულობის შემოტანა და მეორე ფრონტი. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ ყველაფერს არ დავუშვებთ. ჩვენი მიზანი არის საპირისპირო - ჩვენ არ გვინდა პოლარიზაცია და ქვეყნის არევა. ჩვენ ამ ქვეყანაში მშვიდობა გვინდა. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვიმოქმედებთ არა ოდიოზური ევროპარლამენტარების კარნახით, არამედ, საქართველოს ინტერესების კარნახით". - თქვა კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბარში.

ევროპარლამენტის 44 წევრისგან შემდგარი ჯგუფი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ევროკავშირის ერთ-ერთ წევრ ქვეყანაში გადაიყვანონ, სადაც მას შეეძლება, მიიღოს საჭირო და შესაბამისი სამედიცინო დახმარება. ამის შესახებ ევროპარლამენტარები მათ მიერ გავრცელებულ საერთო წერილში საუბრობენ. 

44 ევროპარლამენტარი პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილსა და პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს. ისინი აღნიშნავენ, რომ ევროკავშირის წევრი და წევრობის კანდიდატი ქვეყნებისგან მოელიან ევროპული ღირებულებებისადმი ერთგულებას, რომელიც ადამინის უნივერსალური უფლების აღიარებასაც გულისხმობს. 

"ჩვენ, ევროპარლამენტის ქვემორე ხელმომწერი წევრები ვწერთ, რათა გამოვხატოთ ჩვენი ღრმა შეშფოთება  ბოლო დროს სასამართლო სხდომიდან შემაშფოთებელი ვიზუალური მტკიცებულებების გავრცელებასთან დაკავშირებით, რომელიც ცალსახად ასახავს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის სწრაფ და მძიმე გაუარესებას.  აშკარაა, რომ სააკაშვილის ამჟამინდელი მდგომარეობაღრმად შემაშფოთებელია, ამასთან შეიცავს პოტენციალს გამოიწვიოს შეუქცევადი შედეგები და ადამიანის სიცოცხლის დაკარგვა.

ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ სააკაშვილის გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობა და მისი მიმდინარეობა მიუთითებს იმაზე, რომ სამედიცინო ღონისძიებები არც უზრუნველყოფს და არც ხელს უწყობს მის სწრაფ აღდგენას. ამიტომ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მიღებულ იქნას გადაუდებელი ზომები ამ მდგომარეობის სასწრაფოდ გამოსასწორებლად, სანამ ის კრიტიკულ სტადიას მიაღწევს.

მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის დაჩქარებული გაუარესების გათვალისწინებით ჩვენ, ევროპარლამენტის  ქვემორე ხელმომწერი წევრები, სასწრაფოდ მოგიწოდებთ, მხარი დაუჭიროთ ერთადერთ ემპათიურ, მორალურად სამართლიან და ქმედით გადაწყვეტილებას: გადაიყვანოთ ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი ევროკავშირის ერთ-ერთ წევრ ქვეყანაში, სადაც მას შეეძლება მიიღოს საჭირო და სათანადო სამედიცინო დახმარება.

როგორც ევროპარლამენტის წევრები, ჩვენ ხაზს ვუსვამთ უნივერსალური ადამიანური ღირებულებების მნიშვნელობას, რომელიც აღიარებს თითოეული ადამიანის ღირსებას. Ჩვენ ველით, დათქმების გარეშე, ევროკავშირის წევრმა და კანდიდატმა ქვეყნებმა აჩვენონ თავიანთი ურყევი ერთგულება ამ საერთო ევროპული ღირებულებებისადმი.

საქართველოსა და ევროკავშირს შორის ნებისმიერი შემდგომი ინტეგრაცია ეფუძნება ფუნდამენტური ჰუმანიტარული პრინციპების, მათ შორის ადამიანური თანაგრძნობისა და ნებისმიერი ინდივიდისთვის ადეკვატური სამედიცინო დახმარების მიღების ბაზისურ უფლებებისადმი თანაბრად ურყევი ერთგულების დემონსტრირებას.

გვჯერა, რომ ამ საკითხს დიდ ყურადღებას დაუთმობთ და საჭირო ნაბიჯებს გადადგამთ, რათა ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის დაცვა უზრუნველყოთ".-აღნიშნულია განცხადებაში. 

კომენტარები