რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მოსკოვსა და კიევს შორის გაზის სატრანზიტო შეთანხმება, სავარაუდოდ, აღარ განახლდება

უკრაინის ენერგეტიკის მინისტრის გერმან გალუშენკოს თქმით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ კიევმა რუსეთთან ბუნებრივი აირის ტრანზიტის ხელშეკრულება, რომლითაც გაზპრომი ბუნებრივ აირს უკრაინის გავლით ევროკავშირის ქვეყნებს მიაწვდის, განაახლოს

2019 წლის სატრანზიტო გარიგებას ვადა 2024 წლის ბოლოს ამოეწურება. ხელშეკრულების მიხედვით, გაზპრომი ევროკავშირის ქვყნებს, უკრაინის გავლით, წელიწადში 40 მილიონ კუბურ მეტრზე მეტ გაზს აწვდის. კიევი ამ პირობებით გაზპრომისგან $7 მილიარდს იღებს.

"მე მჯერა, რომ 2024 წლის ზამთრისთვის ევროპას რუსული გაზი საერთოდ აღარ დასჭირდება. თუკი ახლა რუსული გაზიდან მიღებული მოგება უკრაინაში ომს აფინანსებს, ერთადერთი, რაც მათ მომავალში უნდა გადაიხადონ, რეპერაციების საფასურია". - ამბობს გალუშენკო.

ასევე, მან დასძინა, რომ ომი თავის თავში ორმხრივი მოლაპარაკებების შეუძლებლობას გულისხმობს. 

სატრანზიტო ხელშეკრულების გაგრძელებას ეჭვქვეშ არა მხოლოდ უკრაინა, არამედ რუსეთიც აყენებს. გასულ კვირას, გაზპრომის ხელმძღვანელმა, ალექსეი მილერმა აღნიშნა, რომ კომპანია შეწყვეტს იმპორტს, თუკი უკრაინა რუსეთის სახელმწიფო აქტივების კონფისკაციას არ შეაჩერებს. უკრაინა რუსეთის სახელმწიფო აქტივების ჩამორთმევით იმ 5 მილიარდი დოლარის ღირებულების ინფრასტრუქტურის კომპენსირებას ცდილობს, რომელიც რუსეთმა 2014 წელს ყირიმის ანექსიით მიისაკუთრა.

"თუ ნაფტოგაზი [უკრაინული ენერგოგიგანტი] მსგავს უსამართლო ქმედებებს გააგრძელებს, არ არის გამორიცხული, რომ რუსეთის ფედერაციამ მას სანქციები დაუწესოს. ამ შემთხვევაში, რუსულ კომპანიებსა და ნაფტოგაზს შორის ნებისმიერი მოლაპარაკება უბრალოდ შეუძლებელი გახდება". - თქვა მილერმა.

რუსული მილსადენი დასავლეთის სანქციების ნაწილი არ არის, თუმცა, ევროკომისია გეგმავს, რომ მოსკოვის წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულება 2027 წლისთვის დაასრულოს. მიუხედავად ამისა, ევროკავშირის ქვეყნებს ხშირად აკრიტიკებენ იმისთვის, რომ ისინი საკმარისად სწრაფად არ ცდილობენ ენერგორესურსების ბაზრების დივერსიფიცირებას. კერძოდ, ავსტრიაში რუსული გაზის იმპორტი ომამდელ ნიშნულს დაუბრუნდა. ასევე, უნგრეთი წელიწადში დაახლოებით 4.5 მილიარდი კუბური მეტრის რუსული გაზის იმპორტს ახდენს, ხოლო 2023 წლის აპრილში მთავრობამ გაზპრომთან ხელი მოაწერა ხელშეკრულებას, რომელიც რუსული გაზის მიწოდებას კიდევ უფრო გაზრდის.

ანალიტიკოსების შეფასებით, იმ შემთხვევაში, თუ კიევი შეთანხმებას დაასრულებს, ეს ამ ქვეყნებისთვის შესაძლოა დიდ პრობლემად იქცეს.

"თუ უკრაინის ტრანზიტი შეჩერდება, გაზპრომის მილსადენით გაზის მიწოდება ევროკავშირის ქვეყნებში შეიძლება შემცირდეს 10-დან 16 მილიარდ კუბურ მეტრამდე (45-დან 73% ამჟამინდელი დონის)

მთლიანად ევროპისთვის, ეს საკმაოდ მართვადია. თუმცა, მილსადენის ბოლოში მყოფი ზოგიერთი ქვეყნისთვის, მაგალითად ავსტრიასა და უნგრეთისთვის, ამას შესაძლოა დამატებითი ხარჯები მოჰყვეს". - წერია კოლუმბიის უნივერსიტეტის გლობალური ენერგეტიკის პოლიტიკის ცენტრის ივნისის ანალიზში.

კომენტარები