კიევის მიერ კასეტური იარაღის გამოყენებას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება – პესკოვი

12 ივლისს კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ რუსეთი კიევის მიერ კასეტური იარაღის პოტენციურ გამოყენებას შესაბამისად უპასუხებს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული პროპაგანდისტული მედია ავრცელებს.

"ბუნებრივია, ამ ტიპის იარაღის პოტენციური გამოყენება გარდამტეხია და ის რუსეთს აიძულებს, რომ გადადგას კონკრეტული ნაბიჯები საპასუხოდ." - თქვა პესკოვმა.

მანამდე, რუსული მხარის ინფორმაციით, უკრაინის ჯარებმა ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქი ტოკმაკი კასეტური იარაღით დაბომბეს. 

რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს თქმით, თუ აშშ-ის კასეტური საბრძოლო მასალები უკრაინას ოდესმე მიეწოდება, რუსეთს მსგავსი იარაღის გამოყენება უკრაინის ჯარების წინააღმდეგ მოუწევს. მისივე თქმით, რუსეთი  თავის სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში კასეტური საბრძოლო მასალის გამოყენებისგან ჯერჯერობით თავს იკავებს, რადგან ის მხოლოდ კონფლიქტს გაახანგრძლივებს.

რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის, დმიტრი მედვედევის თქმით, რუსეთმა კასეტური იარაღი უნდა გამოიყენოს, ადგან მისივე თქმით, უკრაინა ამ ტიპის იარაღს უკვე იყენებს.

შეგახსენებთ, რომ აშშ უკრაინას კასეტურ ჭურვებს გადასცემს. ინფორმაციას აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ადასტურებს. კასეტური ჭურვებს კიევი თვეების განმავლობაში ითხოვდა.

დიდი ბრიტანეთი და ესპანეთი უკრაინაში კასეტური საბრძოლო მასალის გაგზავნას ეწინააღმდეგებიან. ამის შესახებ მედიაში ინფორმაცია გავრცელდა მას შემდეგ, რაც 7 ივლისს აშშ-მა უკრაინისთვის $800 მილიონის სამხედრო დახმარების პაკეტის შესახებ განაცხადა. პაკეტში სხვა იარაღთან ერთად, შედის კასეტური ჭურვებიც.

კომენტარები