დონალდ ტრამპის სასამართლო პროცესი

დონალდ ტრამპი სასამართლო პროცესის არჩევნების დასრულებამდე გადადებას ითხოვს

დონალდ ტრამპმა მოითხოვა მისი სასამართლო პროცესის გადადება 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დასრულებამდე. საქმე ეხება საიდუმლო დოკუმენტების უკანონო შენახვას. 

აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატებმა თქვეს, რომ სასამართლო პროცესის შემოთავაზებული თარიღი - 2023 წლის 11 დეკემბერი ძალიან ადრეა და მათ არ აქვთ გონივრული დრო პროცესისთვის მოსამზადებლად. მათ ასევე თქვეს, რომ 2024 წლის არჩევნებამდე რთული იქნება პოლიტიკურად მიუკერძოებელი სასამართლო პროცესის ჩატარება. 

დონალდ ტრამპს 37-მდე დარღვევაში ედება ბრალი. მათგან 31 ეროვნული თავდაცვის ინფორმაციის უკანონოდ შენახვას ეხება. საიდუმლო დოკუმენტების განზრახ მითვისების გარდა, გამოკვეთილია მართლმსაჯულების შეფერხების მიზნით, დოკუმენტების გადამალვის, ფედერალური გამოძიებისთვის დოკუმენტის განზრახ არ გამჟღავნების ბრალდებებიც. ტრამპი ყველა წაყენებულ ბრალს უარყოფს.

გასაჯაროებული ოქმიდან ირკვევა, რომ ტრამპის მიერ უკანონოდ შენახული დოკუმენტები შეიცავდა ინფორმაციას ისეთ საკითხებზე როგორებიცაა, აშშ-სა და სხვა ქვეყნების სადაზვერვო მონაცემები, თავდაცვისა და იარაღის შესაძლებლობების, მათ შორის ბირთვული შეიარაღების შესახებ ანგარიშები, თავდასხმის შემთხვევაში, მობილიზაციის გეგმები.

შესაძლებელია, რომ რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე დონალდ ტრამპი იყოს. ადვოკატების თქმით, საარჩევნო კამპანია გაართულებს დაცვის მხარის პოზიციებს სასამართლო პროცესზე. 

კომენტარები