ქუთაისის აეროპორტი

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი დროებით მუშაობას წყვეტს

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი დროებით მუშაობას წყვეტს. წინასწარი ინფორმაციით, აეროპორტი მუშაობას 11 ივლისის 07:00 საათზე გააგრძელებს, თუმცა, შესაძლოა, დრო შეიცვალოს.

"აეროპორტის მუშაობის შეფერხების მიზეზი დასავლეთ საქართველოში უამინდობა, ძლიერი წვიმაა. უხვი ნალექის გამო შეფერხდა აეროპორტის სამგზავრო ტერმინალის მუშაობა. ამ ეტაპზე მიღებულია უსაფრთხოების ყველანაირი ზომები, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაგეგმილი ფრენები თბილისის საერთაშორისო აეროპორტშია გადამისამართებული". – ნათქვამია აეროპორტის განცხადებაში.

ძლიერი წვიმის შედეგად ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ჭერის ნაწილი ჩამოინგრა და შენობა ნაწილობრივ დაიტბორა. შენობის დაზიანების შედეგად არავინ დაშავებულა.

დღეს, 10 ივლისს ქუთაისის აეროპორტში ავიაკომპანია Red Wings-ს რუსეთიდან პირველი პირდაპირი რეისი უნდა შეესრულებინა.

კომენტარები