რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ოლქი ისევ დაბომბეს, დაღუპულია 4 ადამიანი – მალაშკო

TELEGRAM / Yurii Malashko

ზაპოროჟიეს რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, იური მალაშკოს თქმით, ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქ ორიხივზე ოკუპანტებმა იერიში მიიტანეს, რასაც 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის შესახებ მალაშკო ტელეგრამ-არხზე წერს

"რაშისტებმა ფრონტის ქალაქ ორიხივში ომის დანაშაული ჩაიდინეს. მათ იერიში მართვადი საჰაერო ბომბით ჰუმანიტარული დახმარების გამცემ პუნქტთან მიიტანეს. 

ადგილზე დაიღუპა ოთხი ადამიანი: 43, 45 და 47 წლის ქალები და 47 წლის მამაკაცი". – წერს მალაშკო. 

მისივე თქმით, შეტევის შედეგად 10 სამოქალაქო ობიექტი განადგურდა. 

"საჰაერო ბომბმა თითქმის მთლიანად გაანადგურა შენობა. აფეთქების შედეგად დაიღუპა ოთხი ადამიანი და დაშავდა თერთმეტი... შენობის შიგნით და გარეთ ათზე მეტი ადამიანი ნანგრევების ქვეშ აღმოჩნდა. აფეთქების ეპიცენტრთან ახლოს საცხოვრებელი კორპუსები და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტები ასევე დაზიანდა". – წერს ზაპოროჟიეს ოლქში უკრაინის ეროვნული პოლიცია.

შეგახსენებთ, რომ 7 ივლისს ზაპოროჟიეს საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, იური მალაშკო ამბობდა, რომ რუსებმა ზაპოროჟიეზე იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც ერთ-ერთ ინფრასტრუქტურულ ობიექტს ხანძარი გაუჩნდა.

გასულ კვირას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობდა, რომ ერთ-ერთი გეგმის მიხედვით, რუსეთი აპირებს უკრაინისთვის გადაცემის შემდეგ, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური დისტანციურად ააფეთქოს.

უკრაინის პრეზიდენტის განმარტებით, რუსეთი სადგურის გათავისუფლებას ომის გაყინვის მიზნით გეგმავს. მისივე თქმით, ოკუპანტებს ეს სვლა ჯარის გასაძლიერებლად და ძალის მოსაკრებად სჭირდებათ. 

ამასთანავე, უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის თანდათანობით დატოვება დაიწყეს. თანამშრომელთა ნაწილს სადგურის 5 ივლისამდე დატოვება დაევალათ.

აღსანიშნავია, რომ აქამდე ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლეკსი დანილოვმა თქვა, რომ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე რუსეთის მხრიდან შესაძლო ტერორისტული თავდასხმა განიხილება, როგორც "ატომური იარაღის გამოყენება მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ".

კომენტარები