რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ჩვენ ამბიციური გეგმები გვაქვს – ЛСР რუსეთის ტერიტორიაზე მორიგ თავდასხმას გეგმავს

ЛСР - ის (ლეგიონი რუსეთის თავისუფლება) მეთაური, კეისარი
 Sameer Al-Doumy/AFP/Getty Images

ЛСР - ის (ლეგიონი რუსეთის თავისუფლება) მეთაურის თქმით, დაჯგუფება აპირებს ისარგებლოს ევგენი პრიგოჟინის აჯანყებით გამოწვეული კრემლში არსებული არეულობით და რუსეთის ტერიტორიაზე მორიგი თავდასხმისთვის ემზადება

"მომდევნო თვეებში კიდევ იქნება სიურპრიზი ჩვენი მესამე ოპერაციის სახით. ამის შემდეგ იქნება მეოთხე და მეხუთე [სამხედრო ოპერაცია]. ჩვენ ამბიციური გეგმები გვაქვს. მთელი ჩვენი ტერიტორიების გათავისუფლება გვსურს". - აღნიშნა ბრიტანულ გამოცემა Observer-თან ინტერვიუში ЛСР - ის წარმომადგენელმა, რომელიც კეისრის მეტსახელით არის ცნობილი. 

კეისრის თქმით, ის რუსეთიდან უკრაინაში სრულმასშტაბიანი თავდასხმის დაწყების შემდეგ გადავიდა. როდესაც საზღვარს მიაღწია, იქ მესაზღვრეები აღარ დახვდნენ. 

"მესაზღვრეები გაიქცნენ. არავინ იყო, რომ [პასპორტი] მეჩვენებინა". - ხუმრობით აღნიშნა ЛСР - ის მეთაურმა. 

კეისრის თქმით, ლეგიონი რუსეთის თავისუფლება უკრაინის მხარდაჭერის გარეშე ვერ იფუნქციონირებდა, თუმცა როდესაც ЛСР რუსეთის ტერიტორიაზე მოქმედებს, ისინი დამოუკიდებლად იღებენ გადაწყვეტილებებს. 

ЛСР - ის მეთაურმა დანაკარგებზეც ისაუბრა. მისი თქმით, მიყენებულ ზიანთან დაკავშირებით კრემლის მტკიცება გადაჭარბებულია. 

"მათ მიცვალებულებს უკრაინული სამხედრო სამოსი ჩააცვეს და ეს ტელევიზიით აჩვენეს. ჩვენი ფორმები სხვანაირია. მტკნარი სიცრუე იყო". - ამბობს კეისარი. მისივე თქმით, ლეგიონი რუსეთის თავისუფლება იბრძვის, როგორც უკრაინის, ისე რუსეთის მომავლისთვის.

"ეს არის საერთო ბრძოლა, საერთო ტრაგედია". - აღნიშნა ЛСР - ის მეთაურმა.

კომენტარები