Tbilisi Pride

ეს იყო ხელისუფლების მიერ პუტინისტებთან ერთად ორგანიზებული თავდასხმა დემოკრატიაზე – Tbilisi Pride

კადრი ვიდეოდან/მთავარი არხი

TBILISI PRIDE-ის განცხადებით, პრაიდის ფესტივალის ჩაშლა იყო "საქართველოს ხელისუფლების მიერ, პუტინისტურ მოძალადე ჯგუფთან ერთად ორგანიზებული თავდასხმა დემოკრატიაზე, ადამიანის უფლებებზე და უდანაშაულო ადამიანებზე, რომლებსაც სურდათ კონსტიტუციით გარანტირებული ფუნდამენტური უფლებით სარგებლობა". ორგანიზაცია იმედოვნებს, რომ ყველა, ვისთვისაც ძალადობა მიუღებელია, ვისაც სურს საქართველოს დემოკრატიული და ევროპული განვითარება, დაგმობს დღეს განვითარებულ მოვლენებს და დააფიქსირებს სოლიდარობას.

"ცხადად დავინახეთ, რომ თავდასხმა ლგბტქ+ აქტივისტებზე და თბილისი პრაიდის ფესტივალის ტერიტორიაზე, იყო შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ალტ-ინფოს ერთობლივი, კარგად დაგეგმილი ოპერაცია ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის წინააღმდეგ".

Ჩვენი გადასახადებით დაფინანსებული Პოლიცია, რომელიც ფესტივალის ტერიტორიას “იცავდა” გვარწმუნებდა, რომ ულტრამემარჯვენე ჯგუფები ახლოს ვერ მოვიდოდნენ, ამის პარალელურად კი, მედიასა და სოციალურ ქსელში ვრცელდებოდა კადრები სადაც ჩანს, როგორ დაუბრკოლებლად, შეთანხმებულად მოდის პოლიცია და ძალადობრივი ჯგუფი ტერიტორიისკენ.

ალტ-ინფოს წევრებმა ალყაში მოგვაქციეს, პოლიციამ კი, ნაცვლად იმისა, რომ ისინი დაეშალა, წინასწარ მომზადებული ტრანსპორტით დაგვატოვებინა ჩვენი ტერიტორია.

Შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებებიდან აშკარაა, რომ ეს სამარცხვინო “ევაკუაცია” მათ გამარჯვებად მიაჩნიათ, სინამდვილეში კი, ესეც წინასწარ დაგეგმილი ნაბიჯი და მათი უმოქმედობის დასტური იყო.

Შინაგან საქმეთა სამინისტრო და მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე მოსამზადებელ პერიოდში, კვირების განმავლობაში და ფესტივალის დღესაც დაცვის გარანტიებს გვაძლევდა, სანაცვლოდ კი, პოლიციამ ნება დართო ალტ-ინფოს წევრებს შეჭრილიყვნენ ფესტივალის კერძო, დახურულ, ტერიტორიაზე, თავს დასხმოდნენ მშვიდობიან მოქალაქეებს და გამოუსწორებელი ემოციური ტრამვა მიეყენებინათ მათთვის.

Პოლიციამ არ გადაკეტა ფესტივალის ტერიტორიამდე მოსასვლელი გზა, რომ ხელი შეეშალა მოძალადე ჯგუფისთვის; Პოლიციამ თავდამსხმელების მიმართ არ გამოიყენა პროპორციული ძალა.

Ხელისუფლებამ არ დააკავა 5 ივლისის ძალადობის ორგანიზატორები;

Ხელისუფლებამ არ დააკავა 5 ივლისის ძალადობის ორგანიზატორები არც მაშინ, როდესაც 8 ივლისის ძალადობა დაანონსეს;

Ხელისუფლებამ წაახალისა და მხარი დაუჭირა ძალადობას.

ეს იყო საქართველოს ხელისუფლების მიერ, პუტინისტურ მოძალადე ჯგუფთან ერთად ორგანიზებული თავდასხმა დემოკრატიაზე, ადამიანის უფლებებზე და უდანაშაულო ადამიანებზე, რომლებსაც სურდათ კონსტიტუციით გარანტირებული ფუნდამენტური უფლებით სარგებლობა.

იმედი გვაქვს, რომ ყველა ვისთვისაც ძალადობა მიუღებელია, ვისაც სურს საქართველოს დემოკრატიული და ევროპული განვითარება დაგმობს დღეს განვითარებულ მოვლენებს და დააფიქსირებს სოლიდარობას" - ნათქვამია განცხადებაში.


Tbilisi Pride Fest 2023 დღეს, 17:00-ზე იყო დაგეგმილი. თუმცა, რამდენიმე საათით ადრე ქოც-ორკები შეიკრიბნენ და ფესტივალისკენ დაიძრნენ. ამის შემდეგ, Tbilisi Pride-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ მათ ევაკუაცია მოუწიათ. რადგან სამართალდამცველებმა "ვერ შეძლეს ტერიტორიის დაცვა". 

შს მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის მტკიცებით, "დღეს მობილიზებული იყო მაქსიმალური რაოდენობა პოლიციის, რაც შეიძლებოდა, ყოფილიყო ამ ლოკაციაზე დაცვისთვის". მისი თქმით, "ყველა აქცია შეუძლებელია, რომ 100%-იანი უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი და მთლიანად იყოს დაცული, განსაკუთრებით ისეთ დროს, როცა გაშლილ ტერიტორიაზეა საუბარი, ამ რისკების თაობაზე მუდმივად ვსაუბრობდით, მოვიდა ძალიან დიდი რაოდნეობა კონტრაქციის მონაწილეებისა, ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ყოფილიყო თითოეული ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა დაცული" - თქვა მინისტრის მოადგილემ.

ალექსანდრე დარახველიძის მტკიცებით, Lisi Wonderland-ის ტერიტორიაზე დილიდან მობილიზებული იყო განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი, ქალაქ თბილისის პოლიცია, საპატრულო პოლიცია და "ყველა ის დანაყოფი, ვისაც ჰქონდა უფლებამოსილება, განეხორციელებინა თავისი მანდატი". 

"თუმცა, თქვენ კარგად ნახეთ, რომ მოვიდა საკმაოდ დიდი რაოდენობა კონტრაქციის მონაწილეების, ჩვენ გვქონდა კორდონები გაკეთებული გზებზე, მაგრამ ეს იყო გაშლილი ტერიტორია, კონტრაქციის მონაწილეებმა მოახერხეს, შემოვლითი გზებით შემოეღწიათ და გაერღვიათ კორდონები პოლიციის, თუმცა, ჩვენ მოვახერხეთ, რომ პრაიდის ღონისძიების ორგანოზატორები და მონაწილეები, ვინც ადგილზე იყვნენ, ისინი უსაფრთხოდ გავიყვანეთ ტერიტორიიდან, არავითარი დაზიანება არ მიუღიათ, ამჟამად პოლიცია ახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს, იმისთვის, რომ მოხდეს სიტუაციის სტაბილიზება და არ მოხდეს რაიმე ტიპის თავდასხმები კონკრეტულ პირებზე" - თქვა მინისტრის მოადგილემ.

კომენტარები