ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

მელია: რას აკეთებთ და გეგმავთ მიშას გამოყვანისა და უწყვეტი აქციების დაპირებით მოსულები?

თუ ახლა რამის დროა, პირველ რიგში არის გულწრფელობის, სიმართლის თქმისა და სიყალბის დასრულების დრო, ისე არც ერთობა და არც გამარჯვება არ იქნება. ფაქტია, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობით დღეს ყველა ნორმალური ადამიანი შეშფოთებულია. პოლიტიკოსის ფუნქცია კი ამ შეშფოთების მიღმა ქმედების პროცესში ასახვაა, არა პროცესში პროცესისთვის, აქციაში აქციისათვის, არამედ, შედეგისთვის.

ვამბობდი და ვამბობ, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ერთადერთი გზა ბიძინა ივანიშვილის დამარცხებაა და პასუხად ვისმენდი: რა დროს ეგაა, მიშაა სასწრაფოდ ციხიდანაა გამოსაყვანი, დღეები არ იცდის და საათებს აქვს მნიშვნელობაო. შედეგად კი მივიღეთ მხოლოდ პროცესის გაწელვა, პარტიის გახლეჩვა და დასუსტება, ფიზიკურად პარტიის წინახაზის მებრძოლებისაგან დაცლა. 

რას აკეთებთ და გეგმავთ მიშას გამოყვანისა და უწყვეტი აქციების დაპირებით მოსულები? სოციალურ ქსელში კედლიდან კედელზე სურათს დაატარებთ და ვიშვიშებთ, ხვალ 50-კაციან აქციას ჩაატარებთ (აქციისთვის და არა შედეგისთვის - რაც არასდროს გამიკეთებია). 

ხვალ ზოგი წავა და საკუთარი სახლების მშენებლობას დახედავს, ზეგ კი სამარცხვინოდ პოპულისტური განცხადებით გამოვლენ საპენსიო ასაკის დაწევაზე. ამასობაში, საპარლამენტო სიას წერენ და თავის ადგილს ეძებენ ოცნების მომავალ პარლამენტში, ისევ ფორმალური „ოპოზიციონერობისთვის“.

ამასობაში, პარასკევი მოვა და პარტიის ლიდერშიფი კომედიურ სატელევიზიო შოუებში გაიშლება. აი, ასეთი კომედიური ვითარება მივიღეთ.

კონკრეტული კითხვა მაქვს მიხეილ სააკაშვილის შტაბის ხელმძღვანელთან, პარტიის თავმჯდომარესთან, დავით კეზერაშვილთან, ვანო მერაბიშვილთან, იმ ჯგუფთან, რომელიც საკითხის გადაუდებლობიდან გამომდინარე, ახალ წელს ღამეებს პრეზიდენტის სასახლესთან ატარებდა. ახლა რას აკეთებთ, როდემდე აპირებთ ამ სიყალბის პოლიტიკურ პროცესად გაყიდვას?ფორმალური რეპლიკები თქვენ რა გააკეთეთ, არ მიიღება, ბევრი რამ და მთავარი - ტყუილი არ მიკადრებია არც ხალხისთვის და პირველ რიგში, არც პატიმრისთვის.

წერს Facebook-ზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია.

კომენტარები