რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთმა შესაძლოა უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არჩევნების ჩატარება გადადოს

რუსეთმა შესაძლოა უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე 20 სექტემბერს გასამართი ადგილობრივი არჩევნების ჩატარება გადადოს. ამის შესახებ რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავჯდომარემ, ელა პანფილოვამ რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმირ პუტინთან შეხვედრაზე ისაუბრა.

მიზეზად ოკუპირებულ ტერიტორიებზე არასტაბილური და სახიფათო ვითარება სახელდება.

"გამომდინარე იქიდან, რომ საკმაოდ რთული სიტუაციაა, ყველაფერია მოსალოდნელი. [...] თუ გაუთვალისწინებელი მოვლენები განვითარდა და ჩვენ დავინახავთ, რომ მაცხოვრებლების სიცოცხლეს სერიოზული საფრთხე ემუქრება, ჩვენ გვაქვს უფლება, გადავდოთ არჩევნები". – თქვა პანფილოვამ.

რუსეთში ადგილობრივი არჩევნები 20 სექტემბერს გაიმართება. 

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციით, ბერდიანსკის და მელიტოპოლის ფრონტებზე უკრაინა წინ მიიწევს, აღმოსავლეთით კი რამდენიმე ფრონტზე რუსები შეტევაზე არიან. ამის შესახებ მალიარმა Telegram-ის არხზე დაწერა.

"მძიმე ბრძოლების მიუხედავად, ჩვენ თანდათან წინ მივიწევთ ბერდიანსკის და მელიტოპოლის ფრონტებზე. ჩვენი ჯარები მტრის ძლიერ წინააღმდეგობას უძლებენ." - წერს მალიარი.

ამასთან, მალიარის თქმით რუსები რამდენიმე ფრონტზე, მათ შორის ავდიივკას, მარინკას და ლიმანის მიმართულებით წინ მიიწევენ.

"ამასთან, რუსები დაიძრნენ სვატოვოს მიმართულებით, იქ სასტიკი ბრძოლები მიდის. მტერი უტევს ბელოგოროვკას, სერებრიანკას. აქ საკმაოდ მძიმე ვითარებაა." - წერს თავდაცვის მინისტრის მოადგილე.

მისივე თქმით, ბახმუტის ფრონტის სამხრეთ ფლანგზე უკრაინული ძალები ნაწილობრივი წარმატებით მიიწევენ წინ, ჩრდილოეთით კი ბრძოლები გრძელდება. რუსებმა იქ 2 სადესანტო თავდასხმის პოლკი გაიყვანეს.

კომენტარები