რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ФСБ-ს თქმით, ყირიმის მარიონეტი ხელმძღვანელის მკვლელობის მცდელობა აღკვეთეს

რუსეთის ფედერაციული უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ) მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 3 ივლისს ანექსირებული ყირიმის რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ხელმძღვანელის, სერგეი აკსიონოვის მკვლელობის მცდელობა აღკვეთა. მათ უკრაინის აგენტი მანამდე დააკავეს, სანამ ის აკსიონოვის მანქანის აფეთქებას შეძლებდა.

ФСБ-ს ცნობით, დაკავებული რუსეთის მოქალაქეა და უკრაინის სადაზვერვო სააგენტოს მიერ მისი გადაბირების შემდეგ, კაცმა უკრაინაში ასაფეთქებლების, სადაზვერვო და დივერსიული სწავლება გაიარა.

ფედერაციული უსაფრთხოების სამსახურს კაცის ვინაობა არ დაუსახელებია, თუმცა ცნობილია, რომ ის ყირიმში ივნისის თვეში ჩავიდა და სამსახური მის საქმიანობას "ტერორისტული თავდასხმის მცდელობისა" და "ასაფეთქებლების უკანონო ფლობის" ეჭვით იძიებდა. ФСБ-ს თქმით, კაცი სწორედ სამალავიდან ასაფეთქებელი მოწყობილობის აღების დროს დააკავეს.

ყირიმის ხელმძღვანელმა ფედერაციული უსაფრთხოების სამსახურს "ყირიმის რესპუბლიკის ხელმძღვანელობის" მკვლელობის მცდელობის აღკვეთისთვის მადლობა გადაუხადა. მისივე თქმით, დარწმუნებულია, რომ მკვლელობის შემკვეთი პირები სათანადოდ დაისჯებიან.

კომენტარები