ევროკავშირი-საქართველო

EU მხარს უჭერს საქართველოს, თუმცა ბევრი რამ მასზეა დამოკიდებული – მიშელი

Frederick Florin/AFP/Getty Images

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერების სამიტის დაწყებამდე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. განხილვის საკითხებს შორის იყო საქართველოს ევროინტეგრაციაც. შარლ მიშელის თქმით, ევროკავშირი მხარს დაუჭერს საქართველოს მცდელობებს, თუმცა ბევრი რამ დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ შეასრულებს ქვეყანა რეკომენდაციებს. 

"ჩვენ მივესალმებით საქართველოს მიერ ბოლო პერიოდში გადადგმულ ნაბიჯებს და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მხარი დავუჭიროთ მის მცდელობას. თუმცა, ანგარიშს ზაფხულის მერე ვიხილავთ და ბევრი რამ დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ შეასრულებს საქართველო რეკომენდაციებს. ეს იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი წლის ბოლოს ევროპული საბჭოს მიერ საქართველოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებისას". 


რას ნიშნავს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი და რა ეტაპები მოჰყვება მას?

ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი ენიჭებათ ქვეყნებს, რომლებმაც დეკლარირებულად გამოხატეს მათი განზრახვა, გახდნენ კავშირის სრულფასოვანი წევრები და აკმაყოფილებენ დადგენილ კრიტერიუმებს. თეორიულად კანდიდატის სტატუსის მიღება არ არის გაწევრიანების გზის პირველი ეტაპი, თუმცა საბოლოო ინტეგრაციამდე ის ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპად ითვლება.

ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი იწყება ქვეყნის მიერ ევროპული საბჭოსთვის წარდგენილი განაცხადით. მას მოჰყვება კითხვარის შევსება, რომელიც ქვეყნისთვის თვითრეფლექსიის დოკუმენტია და განსაზღვრავს სახელმწიფოს შესაბამისობას კოპენჰაგენის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ინსტიტუციურ კრიტერიუმებთან. სწორედ ამ კითხვარზე დაყრდნობით და დამოუკიდებელი შეფასებით, ევროკომისია ქვეყნის შესახებ რეკომენდაციას წარადგენს.

ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება შემდეგი ნაბიჯია, რომელსაც ევროკავშირის წევრი ქვეყნები ხმას ანონიმურად აძლევენ. ამ ეტაპს მოჰყვება გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება და ქვეყნის დაახლოება ევროკავშირის კანონმდებლობასთან (acquis). მას შემდეგ, რაც მოლაპარაკებები ყველა ჩარჩოში დასრულდება, ევროკომისია კიდევ ერთხელ წარადგენს აზრს გაწევრიანებისთვის ქვეყნის მზადყოფნის შესახებ. წევრი ქვეყნებისა და ევროპარლამენტის დასტურის შემდეგ ქვეყანას გაწევრიანების ხელშეკრულება ფორმდება, იგი უნდა რატიფიცირდეს ყველა წევრი სახელმწიფოს მიერ და საბოლოოდ ქვეყანა ევროკავშირში წევრიანდება.

კომენტარები