ევროკავშირი-საქართველო

TI: საქართველო ერთადერთია, რომელმაც OECD/ACN-ის ანტიკორუფციული გარემოს შეფასებაზე უარი თქვა

Shutterstock

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს (TI Georgia) მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც უარი თქვა OECD/ACN-ის ონიტორინგში მონაწილეობასა და ასევე ერთადერთია, რომელიც არ დათანხმდა მონიტორინგს.

"საქართველოს მთავრობის მიერ OECD/ACN-ის მონიტორინგში მონაწილეობაზე უარი ზიანს აყენებს ქვეყნის რეპუტაციას და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ანტიკორუფციული რეფორმების გატარების დღის წესრიგს. ამ მიმართულებით რეფორმების შეჩერება პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მისწრაფებასთან, რადგან ანტიკორუფციული რეფორმების გატარება საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების ერთ-ერთი ვალდებულებაა". – წერია განცხადებაში.

OECD/ACN 1998 წელს დაარსდა და ეხმარება მის წევრ სახელმწიფოებს კორუფციასთან ბრძოლაში. OECD/ACN-ის მონიტორინგის მიზანია, ქვეყნის ანტიკორუფციული გარემოს ძირეული შეფასება, გამოწვევების გამოვლენა და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა. მონიტორინგი 2003 წლიდან სტამბოლის სამოქმედო გეგმის (IAP) პროგრამის ფარგლებში ხორციელდება და წევრი ქვეყნების მიერ გაერო-ს კორუფციის წინააღმდეგ კონვენციის (UNCAC), სხვა საერთაშორისო სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკის დანერგვის მუდმივ მონიტორინგს გულისხმობს.

მონიტორინგის მე-5 რაუნდის ფარგლებში, 2023 წელს უნდა შეფასებულიყო ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებები, როგორიცაა:

  • ეროვნული ანტიკორუფციული პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება;
  • კორუფციის კანონის პრაქტიკაში აღსრულება, მათ შორის თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების სისტემის ფუნქციონირება;
  • სასამართლოსა და პროკურატურის სისტემების ფუნქციონირება;
  • მაღალი დონის კორუფციული შემთხვევების გამოძიების ეფექტურობა.

საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას, დაუბრუნდეს მონიტორინგის პროცესს.

"ხელმომწერი ორგანიზაციები კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, დაუბრუნდეს სტამბოლის სამოქმედო გეგმის (IAP) ფარგლებში დაწყებულ მონიტორინგის პროცესს და გააგრძელოს თანამშრომლობა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ანტიკორუფციული ქსელთან (OECD/ACN)". – ვკითხულობთ განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ:

  • საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო (TI Georgia)
  • ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
  • მმართველობის მონიტორინგის ცენტრი (GMC)
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)

 

კომენტარები