სამების ტაძრის გუნდი

სამების ტაძრის გუნდის "სიქსტეს კაპელაში" ვიზიტს წიგნი მიეძღვნება

2022 წლის ივნისში, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს მგალობელთა გუნდი ვატიკანში, "სიქსტეს კაპელაში" იმყოფებოდა, სადაც ქართული საგალობლები წარმოადგინეს.

ვიზიტი საქართველოში ვატიკანის ელჩის, არქიეპისკოპოს ჟოზე აველინო ბეტანკურის მხარდაჭერითა და თანადგომით განხორციელდა. ვიზიტიდან ერთი წლის შემდეგ, არქიეპისკოპოსმა ქართველი მგალობლების ვატიკანში გამოსვლას წიგნის მიუძღვნა

"ჭეშმარიტი სილამაზე ჰარმონიის ანარეკლია.

ღვთისმეტყველებაში აღწერილია მამაზეციერი, როგორც მამა, იესო ქრისტე, როგორც ძე, და სულიწმიდა, როგორც ჰარმონიის შემქმნელი. ხელოვან ადამიანშიც არის რაღაც სულიწმიდისეული, რითაც იგი ჰარმონიას ქმნის. ეს სულიერების ადამიანური განზომილებაა. ჰარმონია განსხვავებული ნაწილების ერთობაა და არა ერთფეროვნება. ერთობა მრავალსახეობას გულისხმობს. სილამაზე კი სულიწმიდის ქმედებაა, რომელსაც ეს ყოველივე ჰარმონიაში მოჰყავს. (შდრ. პაპი ფრანცისკეს მიმართვა ხელოვნების მუშაკებისადმი, სიქსტეს კაპელა, 2023 წლის 23 ივნისი).

ერთი წლის წინ, ასეთივე დღეს, ვატიკანის სიქსტეს კაპელაში ერთმანეთს შეხვდა კაცობრიობის ორი საუნჯე - მიკელანჯელოს ფრესკები და ქართულ მრავალხმიანობა, აჟღერებული თბილისის სამების საპატრიარქო ტაძრის გუნდის მიერ. ეს გახლავთ ჭეშმარიტად ისტორიული მოვლენა - შეხვედრა ადამიანის მიერ შექმნილი ორი მშვენიერებისა, რომელმაც წარმოშვა სრულყოფილი ჰარმონია, ღვთის ნებით შთაგონებული და მისდამი მადლიერებით აღბეჭდილი; ჰარმონია, რომელიც მოგვიწოდებს ვიღვაწოთ უკეთესი მსოფლიოს ასაშენებლად.

ძვირფასო მეგობრებო, წმიდა საყდრის დესპანის, მეუფე ჟოზე ა. ბეტანკურის სახელით, პატივი მაქვს წარმოგიდგინოთ წიგნი ამ დაუვიწყარი და იშვიათი მოვლენის აღსანიშნავად. ეს გამოცემა, რომლის მთავარი შემოქმედი წმიდა საყდრის დესპანი გახლავთ თავის თანამშრომლებთან ერთად, არის გამოხატულება პატივისცემისა და მადლიერებისა ყველა ხელოვანის და იმ ადამიანთა მიმართ, ვინც ვატიკანში შექმნილი ქართული ატმოსფერო გვაჩუქა.

აღნიშნული გამოცემა მოგვითხრობს ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძრის გუნდის მიერ სიქსტეს კაპელაში გამართულ კონცერტზე და ეძღვნება მის უწმიდესობას და უნეტარესობას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს, მისი აღსაყდრების 45-ე წლისთავთან დაკავშირებით, და მის უწმიდესობას, პაპ ფრანცისკეს, მისი პაპობის მე-10 წლისთავის აღსანიშნავად.

დაე, ამ ორი ეკლესიის ძმურმა ამბორმა და სიქსტეს კაპელაში ორი კულტურული საუნჯის შეხვედრამ გაგვიძლიეროს სურვილი ჭეშმარიტ მშვენიერებაში ფესვგადგმული უკეთესი მომავლის აშენებისა.
გმადლობთ!" – წერს არქიეპისკოპოსი ჟოზე აველინო ბეტანკური.

კომენტარები