საქართველო-ევროკავშირი

ბოკერია: პროდასავლური ხელისუფლების მოსვლის გარეშე კანდიდატის სტატუსი ვერაფერს გვშველის

გიგა ბოკერია
ტაბულა

ევროპული საქართველოს თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას სიტყვებით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი არის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანას ჰყავს პროდასავლური, პროევროპული ხელისუფლება, რომელსაც ამ ინსტრუმენტის გამოყენება ქვეყნის ამოცანების მისაღწევად შეუძლია. მისივე სიტყვებით, ქართული ოცნების პირობებში "სტატუსი ვერაფერს გვიშველის".  

"ევროპული საქართველო თვლის, რომ ამ ხელისუფლების შეცვლისა და პროდასავლური, პროქართული ხელისუფლების მოსვლის გარეშე სტატუსი ვერაფერს ვერ გვშველის. მთელი ფოკუსი იმაზე, რა მოხდება ახლა იმ განწყობით, რომ მაგაში არის ხსნა და მანდ წყდება ჩვენი ბედი - ახლა მოგცემენ კანდიდატის სტატუსს თუ არა, ჩემი აზრით, არის არსებითად მცდარი. ძალიან მიკვირს, რომ ამდენი ხანია, დისკუსია მიდის და არგუმენტებსაც ვერ ვისმენთ იმ ადამიანებისგან, ვინც ამ არასწორ მოლოდინებს ქმნის. თითქოს, ბოლო პერიოდში რამდენიმე პოლიტიკურმა პარტიამ, ევროპული საქართველოს მსგავსად, უფრო სწორი გზავნილისკენ წაიღო თავისი შინაარსი, მაგრამ  როგორც კი ახლოვდება ხოლმე მედიის ყურადღება, მერე მაინც სძლევთ ხოლმე იმ მომენტში ცდუნება, რომ ზედაპირულად ვისაუბროთ ამაზე. 

ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი არის მნიშვნელოვანი ამბავი, მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, თუ გყავს პროდასავლური, პროევროპული, პროევროპული, პროქართული ხელისუფლება, რომელიც მზად არის, რომ ეს ინსტრუმენტი გამოიყენოს ჩვენი ამოცანის მისაღწევად. ჩვენი ამოცანა კანდიდატობა კი არ არის, ჩვენი ამოცანა არის NATO-ს წევრობა, ევროკავშირის წევრობისკენ სვლა, ევროკავშირთან რეალური დაახლოება, ქვეყნის შიგნით გარდაქმნა - რასაც ფუნდამენტურად ჰქვია ევროპულ, დასავლურ წიაღში საქართველოს დაბრუნება, დასავლეთის უსაფრთხოების ქოლგაში მოხვედრა და ქვეყნის შიგნით დასავლური, ანუ ქართული ინსტიტუციების განვითარება". - ამბობს გიგა ბოკერია ტელეკომპანია პირველთან ინტერვიუში. 

ბოკერიას შეფასებით, ქვეყნის ამოცანები ვერ შესრულდება იმ ხელისუფლების პირობებში, რომელსაც თანამდებობის არმქონე პირი მართავს და რომელიც აწარმოებს კამპანიას, რომ დასავლეთს უნდა სისხლისღვრა, რომ დასავლეთი ჩვენს ტრადიციებს ებრძვის და დამანგრეველია.

საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყანას მთავრობა წარმოადგენს - ბოკერიას თქმით, თუ საქართველოს განსჯიან იმის მიხედვით, თუ რა პოლიტიკური ვითარებაა ქვეყანაში ქართული ოცნების ნაბიჯების წყალობით, მაშინ, მისივე შეფასებით, კანდიდატის სტატუსის მიღების არანაირი შანსი არ გვაქვს. 

"თუ იქნა კონტექსტი და ფოკუსი იმაზე, რომ რახან მოლდოვა და უკრაინა შემდეგ ეტაპზე, გაწევრიანების მოლაპარაკებებზე გადაჰყავთ, ამიტომ გეოპოლიტიკურად ხომ არ ჰქონდეთ გზავნილი, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი აქვს და შემდეგ "მაგრამ"-ით დაყოლიება მოხდეს, არ გამოვრიცხავ, რომ ასეთი გადაწყვეტილება იყოს მიღებული.  

ქვეყნის შიგნით პროდასავლური, პროქართული ოპოზიციის ამოცანა არის, რომ საზოგადოებას ორივე შემთხვევაში სწორი გზავნილი მიაწოდოს - ვცადოთ და მოვახერხოთ ივანიშვილის რეჟიმის პროპაგანდის განეიტრალება წინასწარ. ივანიშვილის რეჟიმის პროპაგანდის ნიაღვარი უკვე წინასწარ ამზადებს ამ მექანიზმს საზოგადოების ნაწილის შეცდომაში შეყვანის მცდელობისთვის. თუ მივიღებთ გეოპოლიტიკური მოსაზრებით, რისი შანსიც უფრო დაბალია, მაშინ მზად აქვთ თავისი ნარატივი - "ნახე, რა მაგრები ვართ, ესეც მივიღეთ". არ არის გამორიცხული, რომ საზოგადოების ნაწილი ამით შეცდომაში შეიყვანონ, მით უმეტეს, რომ ოპოზიცია და ოპოზიციური მედიის მნიშვნელოვანი ნაწილი (სრული პატივისცემით ვამბობ) აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ კანდიდატის სტატუსი არის ხსნა, იმისდა მიუხედავად, გვეყოლება თუ არ ხელისუფლება. თუ ამაზე დებ ინვესტიციას და ამაზე დებ ფსონს, ნაწილობრივ ეთანხმები ივანიშვილის რეჟიმის პროპაგანდასაც, რომ დიდი რამე მიგვიღწევია, მაშინ, როდესაც სიმართლე მდგომარეობს იმაში, რომ ხელისუფლების გამოცვლის გარეშე ეგ ვერაფერს ვერ მოგვცემს. თუ კანდიდატის სტატუსი გრჩება და წინ ვერ მიდიხარ, არაფერი არ არის". - ამბობს გიგა ბოკერია.

ევროპული საქართველოს ლიდერის სიტყვებით, თუ ქვეყანა ქართული ოცნების "დამსახურებით" კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს, ოპოზიციის მიზანია, წინასწარ უთხრას ხალხს, რომ ეს არ არის ქართველი ხალხისთვის უარის თქმა. 

"ჩვენ უკვე ჩამოვრჩით - მოლდოვა და უკრაინა ჩვენზე წინ არიან, როცა პირიქით იყო წლების წინ, ეს ზიანი უკვე მიღებული გვაქვს. ახლა თუ არ მოგცეს კანდიდატის სტატუსი, აქედან ერთადერთი დასკვნა უნდა გამოვიტანოთ, უდნა გავიმეოროთ ის დასკვნა, რომ ეს ხელისუფლება გვყავს გამოსაცვლელი. იმედგაცრუებას არ უდნა ჰქონდეს ადგილი". - ამბობს გიგა ბოკერია.  

ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებისა საკითხებში ევროკომისარის, ოლივერ ვარჰეის თქმით, საქართველომ მიღებული 12 რეკომენდაციიდან სრულად მხოლოდ სამი აქვს შესრულებული, ნაწილობრივ კი - 7. ვარჰეიმ ამის შესახებ სტოკჰოლმში გამართული შეხვედრის შემდეგ ისაუბრა, სადაც ევროკავშირის საბჭოს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის პროგრესის შესახებ ზეპირი შუალედური შეფასება წარედგინა. 

ვარჰეის განმარტებით, სრულად შესრულებულია რეკომენდაციები: 1. გენდერული თანასწორობა და ძალადობა ქალთა წინააღმდეგ. 2. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების გათვალისწინების შესახებ. 3. სახალხო დამცველის (ომბუდსმენის) წარდგენის პროცესის გამჭვირვალობის შესახებ.

მისივე სიტყვებით, 12 რეკომენდაციიდან 7-ში საქართველომ მიაღწია გარკვეულ პროგრესს, მათ შორის: პოლიტიკური პოლარიზაციის, სახელმწიფო ინსტიტუტების სრული ფუნქციონირებისა და საარჩევნო პროცესის გაუმჯობესების, გამჭვირვალე და ეფექტიანი სასამართლო რეფორმების სტრატეგიულად მიღებისა და განხორციელების, ანტიკორუფციული სააგენტოს დამოუკიდებლობის გაძლიერების, ორგანიზაციული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისა და სამოქალაქო ორგანიზაციების გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართვის მიმართულებით.

ხოლო მედია თავისუფლების შესახებ საუბრისას ვარჰეიმ აღნიშნა, რომ ამ რეკომენდაციასთან მიმართებით საქართველოს არანაირი პროგრესი არ აქვს.   

2022 წლის ზაფხულში ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, ხოლო საქართველოს – არა. ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ლიდერებისგან შემდგარმა ევროპულმა საბჭომ გაითვალისწინა 17 ივნისს ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული რეკომენდაცია, რომელმაც საქართველოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12 პირობა წაუყენა. ევროკომისიამ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების პირობებს შორის დეოლიგარქიზაციაც შეიტანა.

ევროკომისია საქართველოს პროგრესის შესახებ საბოლოო დასკვნასა და რეკომენდაციას 2023 წლის ოქტომბერში წარადგენს, წლის ბოლოს კი ევროპული საბჭო ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მიღებაზე გადაწყვეტილებას მიიღებს.


რას ნიშნავს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი და რა ეტაპები მოჰყვება მას?

ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი ენიჭებათ ქვეყნებს, რომლებმაც დეკლარირებულად გამოხატეს მათი განზრახვა, გახდნენ კავშირის სრულფასოვანი წევრები და აკმაყოფილებენ დადგენილ კრიტერიუმებს. თეორიულად კანდიდატის სტატუსის მიღება არ არის გაწევრიანების გზის პირველი ეტაპი, თუმცა საბოლოო ინტეგრაციამდე ის ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპად ითვლება.

ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი იწყება ქვეყნის მიერ ევროპული საბჭოსთვის წარდგენილი განაცხადით. მას მოჰყვება კითხვარის შევსება, რომელიც ქვეყნისთვის თვითრეფლექსიის დოკუმენტია და განსაზღვრავს სახელმწიფოს შესაბამისობას კოპენჰაგენის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ინსტიტუციურ კრიტერიუმებთან. სწორედ ამ კითხვარზე დაყრდნობით და დამოუკიდებელი შეფასებით, ევროკომისია ქვეყნის შესახებ რეკომენდაციას წარადგენს.

ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება შემდეგი ნაბიჯია, რომელსაც ევროკავშირის წევრი ქვეყნები ხმას ანონიმურად აძლევენ. ამ ეტაპს მოჰყვება გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება და ქვეყნის დაახლოება ევროკავშირის კანონმდებლობასთან (acquis). მას შემდეგ, რაც მოლაპარაკებები ყველა ჩარჩოში დასრულდება, ევროკომისია კიდევ ერთხელ წარადგენს აზრს გაწევრიანებისთვის ქვეყნის მზადყოფნის შესახებ. წევრი ქვეყნებისა და ევროპარლამენტის დასტურის შემდეგ ქვეყანას გაწევრიანების ხელშეკრულება ფორმდება, იგი უნდა რატიფიცირდეს ყველა წევრი სახელმწიფოს მიერ და საბოლოოდ ქვეყანა ევროკავშირში წევრიანდება.

კომენტარები