თბილისის მერია

მერია: სრული ტყუილია, რომ ახალგაზრდა მხოლოდ კალაძის შეურაცხყოფის გამო დაჯარიმდა

თბილისის მერიის განცხადებით, "სრული ტყულია" მედიის ნაწილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი კომპანიის კურიერი სოციალურ ქსელში კახა კალაძისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების გამო სასამართლომ 2 000 ლარით დააჯარიმა.  

მერიის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ხაზგასმა, თითქოს ახალგაზრდა დაჯარიმდა მხოლოდ და მხოლოდ თბილისის მერის მისამართით გამოთქმული უცენზურო სიტყვების გამო, არის "სრული ტყუილი, კონკრეტული მედიის მიერ აგორებული მორიგი პროვოკაცია და კახა კალაძის რეპუტაციის შელახვის მცდელობა". მერია მედიის წარმომადგენლებს მოუწოდებს, პატივი სცენ პროფესიას და საზოგადოებას და შეასხენებს მათ, რომ ცილისწამება ისჯება. 

"სტატია სათაურით - "კურიერმა კალაძეს ტიკტოკზე აგინა. სასამართლომ ის ორი ათასი ლარით დააჯარიმა", ასევე გავრცელდა სოციალური ქსელებით, რამაც მომხმარებელთა აღშფოთება გამოიწვია. თბილისის მერიის პრესსამსახურის მიმართვის საფუძველზე, მოგვიანებით სტატიის სათაური უმნიშვნელოდ დაკორექტირდა. 

როგორც გაირკვა, ამბავი, რომლის შესახებაც მედიამ გუშინ აცნობა საზოგადოებას, გასული წლის 6 დეკემბერს მოხდა. აღნიშნული პიროვნების მიმართ განხორციელდა ადმინისტრაციული სამართალწარმოება 166-ე, 173-ე მუხლების მიხედვით, რაც გულისხმობს საჯარო სივრცეში ლანძღვა-გინებას და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებისადმი დაუმორჩილებლობას. ჯარიმა სასამართლოს მიერ განისაზღვრა შესაბამისად. 

აქედან გამომდინარე, ხაზგასმა, თითქოს ახალგაზრდა დაჯარიმდა მხოლოდ და მხოლოდ თბილისის მერის მისამართით გამოთქმული უცენზურო სიტყვების გამო, არის სრული ტყუილი, კონკრეტული მედიის მიერ აგორებული მორიგი პროვოკაცია და კახა კალაძის რეპუტაციის შელახვის მცდელობა. გვინდა, მოვუწოდოთ მედიის წარმომადგენლებს, პატივი სცენ საკუთარ პროფესიას და საზოგადოებას, რომელიც მათგან ელოდება არა ყალბ და დამახინჯებულ ინფორმაციას, არამედ რეალურ ფაქტებს. აქვე შევახსენებთ ყველას, ცილისწამება დანაშაულია, რომელიც ისჯება კანონის შესაბამისად". - წერია განცხადებაში. 


საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ 2023 წლის 10 მარტის დადგენილებით, Tik-Tok-ის პლატფორმაზე განთავსებული ვიდეოს შინაარსის გამო კურიერი ი.მ. ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 2 000 ლარით დააჯარიმა. 

საია-ს განმარტებით, ვიდეოში მოქალაქე მწვავე პროტესტს გამოხატავდა თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკის გამო, ასევე, აკრიტიკებდა ადამიანებს, რომლებიც სამსახურებრივ უფლებამოსილებას ბოროტად იყენებენ და საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გამოყოფილ ზოლში მოძრაობენ. კურიერი ასევე აკრიტიკებდა პოლიციელებს, რომლებიც მოქალაქეებს შერჩევითად აჯარიმებენ. 

"თბილისის საქალაქო სასამართლომ 2023 წლის 10 მარტის დადგენილებით, კურიერი ი.მ. ცნო ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად TikTok-ის პლატფორმაზე განთავსებული ვიდეოს შინაარსის გამო. მას სანქციის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით. სასამართლოს მიერ სამართალდამრღვევად ცნობილი პირი არის კურიერი, რომელსაც ქალაქში უწევს მოპედით გადაადგილება. მან სოციალურ ქსელ Tik-Tok-ში გამოაქვეყნა ვიდეო სათაურით: „ვისაც გინების მოსმენა არ გსურთ, არ უყუროთ და არ უსმინოთ“. ვიდეოში პირი გამოხატავს მწვავე პროტესტს თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართ. იგი აკრიტიკებს იმ ადამიანებს, რომლებიც თავიანთ სამსახურებრივ უფლებამოსილებას ბოროტად იყენებენ და პრივილეგირებული მდგომარეობით სარგებლობენ. პროტესტი მიემართება იმ ადამიანებს, რომლებიც საკუთარ თავს უფლებას აძლევენ, იმოძრაონ საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილ ზოლში, სადაც ნებისმიერი პირისთვის, მისი თანამდებობის მიუხედავად, გადაადგილება აკრძალულია. იგი ასევე მწვავედ აკრიტიკებს და ლანძღავს იმ პოლიციელებს, რომლებიც შერჩევითად აჯარიმებენ მოქალაქეებს, ხოლო სახელმწიფო უწყებების თანამშრომლებსა და მათთან დაახლოებულ პირებს დარღვევაზე პასუხს არ სთხოვენ". - წერია ანგარიშში.

როგორც საია-ს ანგარიშში ვკითხულობთ, სასამართლოს განმარტებით, Tik-Tok მიიჩნევა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით განსაზღვრულ საზოგადოებრივ სივრცედ და ადგილად. ამასთანავე, სოციალური ქსელი, მათ შორის Tik-Tok, რომელიც საზოგადოების დიდი ნაწილისთვის არის ხელმისაწვდომი, განეკუთვნება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილს და ნებისმიერ პირს ამ პლატფორმაზე ინფორმაციის განთავსებისას აქვს ვალდებულება, დაიცვას საზოგადოდ მიღებული ეთიკისა და ზნეობის ნორმები.

სასამართლოს მოსაზრებით, გამოქვეყნებული ვიდეოს შინაარსი სცილდებოდა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს. სასამართლომ არ იმსჯელა სოციალური ქსელის ხასიათზე და არ დაასაბუთა, რა ფორმით დაირღვა საზოგადოებრივი წესრიგი და სხვა მოქალაქეების სიმშვიდე.

კომენტარები