საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ კვარტალური მიმოხილვა მოამზადა, რაც 2023 წლის 1-ლი იანვრიდან 31 მარტამდე პერიოდში საქართველოში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კანონმდებლობასა და პრაქტიკაში მომხდარ ძირითად მოვლენებს აერთიანებს.
საია ანგარიშში წერს, რომ სასამართლოს მიღებული დადგენილებების შინაარსი და სასამართლოების მიერ გამოყენებული სტანდარტები პრობლემურია და უმეტესად სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას ეწინააღმდეგება.
ერთ-ერთ მაგალითად საიას ის გადაწყვეტილება მოჰყავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ 2023 წლის 10 მარტის დადგენილებით, Tik-Tok-ის პლატფორმაზე განთავსებული ვიდეოს შინაარსის გამო, კურიერი ი.მ. ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 2 000 ლარით დააჯარიმა.
"თბილისის საქალაქო სასამართლომ 2023 წლის 10 მარტის დადგენილებით, კურიერი ი.მ. ცნო ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად TikTok-ის პლატფორმაზე განთავსებული ვიდეოს შინაარსის გამო. მას სანქციის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით. სასამართლოს მიერ სამართალდამრღვევად ცნობილი პირი არის კურიერი, რომელსაც ქალაქში უწევს მოპედით გადაადგილება. მან სოციალურ ქსელ Tik-Tok-ში გამოაქვეყნა ვიდეო სათაურით: „ვისაც გინების მოსმენა არ გსურთ, არ უყუროთ და არ უსმინოთ“. ვიდეოში პირი გამოხატავს მწვავე პროტესტს თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართ. იგი აკრიტიკებს იმ ადამიანებს, რომლებიც თავიანთ სამსახურებრივ უფლებამოსილებას ბოროტად იყენებენ და პრივილეგირებული მდგომარეობით სარგებლობენ. პროტესტი მიემართება იმ ადამიანებს, რომლებიც საკუთარ თავს უფლებას აძლევენ, იმოძრაონ საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილ ზოლში, სადაც ნებისმიერი პირისთვის, მისი თანამდებობის მიუხედავად, გადაადგილება აკრძალულია. იგი ასევე მწვავედ აკრიტიკებს და ლანძღავს იმ პოლიციელებს, რომლებიც შერჩევითად აჯარიმებენ მოქალაქეებს, ხოლო სახელმწიფო უწყებების თანამშრომლებსა და მათთან დაახლოებულ პირებს დარღვევაზე პასუხს არ სთხოვენ". - წერია ანგარიშში.
როგორც საიას ანგარიშში ვკითხულობთ, სასამართლოს განმარტებით, Tik-Tok მიიჩნევა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით განსაზღვრულ საზოგადოებრივ სივრცედ და ადგილად. ამასთანავე, სოციალური ქსელი, მათ შორის Tik-Tok, რომელიც საზოგადოების დიდი ნაწილისთვის არის ხელმისაწვდომი, განეკუთვნება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილს და ნებისმიერ პირს ამ პლატფორმაზე ინფორმაციის განთავსებისას აქვს ვალდებულება, დაიცვას საზოგადოდ მიღებული ეთიკისა და ზნეობის ნორმები.
სასამართლოს მოსაზრებით, გამოქვეყნებული ვიდეოს შინაარსი სცილდებოდა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს. სასამართლომ არ იმსჯელა სოციალური ქსელის ხასიათზე და არ დაასაბუთა, რა ფორმით დაირღვა საზოგადოებრივი წესრიგი და სხვა მოქალაქეების სიმშვიდე.
"რაც შეეხება ამავე საქმის ფარგლებში 173-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას, სასამართლომ დაადგინა, რომ: „ი.მ-ის მიერ 2022 წლის 10 დეკემბერს ჩადენილი ქმედება, კერძოდ, სოციალურ ქსელში განთავსებულ ვიდეოში ასახული სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების სიტყვიერი შეურაცხყოფა მოიცავს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციით განსაზღვრულ 10 ქმედებას. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ხსენებული ვიდეო შეიცავს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების სიტყვიერ შეურაცხყოფას მათი სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებიდან გამომდინარე. ეს ვიდეო სოციალურ ქსელში ნახა კონკრეტულმა პოლიციელმა და აღიქვა შეურაცხყოფად, რასაც მოჰყვა შესაბამისი შედეგი - სამართალდამრღვევი პირის მიმართ სამართალდარღვევის ოქმის შედგენა". - ვკითხულობთ დოკუმენტში.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება შეიძლება მივიჩნიოთ საკმაოდ სახიფათო პრეცედენტად, რომელიც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების არსებულ სტანდარტებს ეწინააღმდეგება.საი