საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

საია: სახელმწიფო ინსპექტორმა წულუკიანის მიერ გავრცელებულ ვიდეოზე მოკვლევა უნდა დაიწყოს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ინსპექტორმა იუსტიციის მინისტრის მიერ გავრცელებულ ვიდეოზე, სადაც სახალხო დამცველის წარმომადგენლისა და პატიმრის შეხვედრა ჩანს, დაუყოვნებლივ მოკვლევა უნდა დაიწყოს.

საია ხაზს უსვამს, რომ ვიდეო გავრცელდა სპეციალური პენიტენციური სამსახურის Facebook-ის ოფიციალურ გვერდზეც. ამასთან, ირკვევა, რომ ის ჩაწერილია 2019 წლის 19 აპრილს, ხოლო მისი გავრცელება მოხდა 2020 წლის 21 იანვარს.

ორგანიზაცია მიუთითებს იმაზეც, რომ კომიტეტის სხდომა, სადაც წულუკიანმა ჩანაწერი გაავრცელა, პირდაპირ ეთერში იყო პარლამენტის ვებ-გვერდზე, ასევე, შუქდებოდა მედიისა და სოციალური მედიის საშუალებებით.

"აღნიშნული ფაქტების შესწავლა და მათზე შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც ვიდეოჩანაწერების საჯაროდ ჩვენება საფრთხეს უქმნის სახალხო დამცველის მანდატის სანდოობას და მისი კონსტიტუციური უფლებამოსილების განხორციელებას. აღსანიშნავია ისიც, რომ სავარაუდო კანონდარღვევის ფაქტი ჩადენილია სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ და გავრცელებული კადრების გადაცემა მოხდა საჯაროდ.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ აღნიშნული ფაქტთან დაკავშირებით აუცილებელია სახელმწიფო ინსპექტორმა დაიწყოს მოკვლევა, რის გამოც, მოგმართავთ თხოვნით, გამოიყენოთ კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაძლებლობა და განცხადებაში მითითებულ ფაქტებთან დაკავშირებით მოახდინოთ შესაბამისი რეაგირება", - მიმართავს საია სახელმწიფო ინსპექტორს.

ორგანიზაცია საუბრობს კომიტეტის სხდომაზე თეა წულუკიანის მიერ გავრცელებულ სხვა ვიდეო ჩანაწერებზეც და მიუთითებს, რომ იქ ჩანს პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებისა და სახალხო დამცველის წარმომადგენელის სახეები, ხოლო ერთ შემთხვევაში მინისტრი ასახელებს სახალხო დამცველის წარმომადგენლის სახელსაც.

"აღსანიშნავია ისიც, რომ მართალია, მოცემულ ვიდეოჩანაწერებში დაფარულია მსჯავრდებულთა სახეები, თუმცა ეს არ გამორიცხავს დაწესებულებაში მოთავსებულ პირთა იდენტიფიცირებას სხვა გზებით", - აღნიშნავენ საიაში.

ორგანიზაციამ შესაბამისი განცხადებით სახელმწიფო ინსპექტორს უკვე მიმართა.

შეგახსენებთ, რომ 21 იანვარს ომბუდსმენმა პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე სასჯელაღსრულების 4 დაწესებულების მონიტორინგის ანგარიში წარმოადგინა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ღია დაწესებულების ციხეებში, ე.წ ზონებში ვითარებას ე.წ მაყურებლები აკონტროლებენ, ლეგიტიმაცია კი ადმინისტრაციისგან აქვთ.

ანგარიშის შინაარსი მიუღებელი აღმოჩნდა იუსტიციის მინისტრისთვის. თეა წულუკიანმა დოკუმენტს "არაპროფესიონალური" უწოდა და სხდომაზე გაუშვა ვიდეო, რომელშიც, მისი თქმით, სახალხო დამცველის წარმომადგენლის დარღვევები ჩანს - ის პატიმრის მაგიდიდან ჭამს, ეწევა სიგარეტს, იყენებს საპირფარეშოს და ამასთან, დახეული ჯინსები აცვია.

აღსანიშნავია, რომ წულუკიანის ამ ქმედებას მოჰყვა ქვეყანაში მოქმედი 10 ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადება, რომლის მიხედვით, იუსტიციის მინისტრმა უხეშად დაარღვია როგორც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ პრინციპები, ასევე, საქართველოს მიერ აღებულ საერთაშორისო ვალდებულებები. NGO-ები მიიჩნევენ, რომ თეა წულუკიანის ეს ქმედება მისი პოლიტიკური პასუხისმგებლობის დაყენების საფუძველი უნდა გახდეს.

კომენტარები