წყალქვეშა გემის გაუჩინარება

ატლანტის ოკეანეში დაკარგულ წყალქვეშა ნავზე 40 საათის სამყოფი ჟანგბადია დარჩენილი – აშშ

გაუჩინარებულ ტურისტული წყალქვეშა ნავზე, რომელზეც მგზავრები ტიტანიკის ნამსხვრევების დასათვალიერებლად იმყოფებოდნენ, 40 საათის სამყოფი ჟანგბადი დარჩა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი აშშ-ს სანაპირო დაცვაზე დაყრდნობით ავრცელებს

გარდა ამისა, სანაპირო დაცვამ დისტანციური მართვის სატრანსპორტო საშუალების გამოყენება სადგურის ბოლო ცნობილ ლოკაციაზე დაიწყო. 

აშშ-ს სანაპირო დაცვის ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოები უშედეგოდ ჩაატარეს 7 600 კვადრატული მილის ფართობზე, რაც უფრო დიდია, ვიდრე კონექტიკუტის შტატის ფართობი.

როგორც ცნობილია, ბორტზე 5 პირი იმყოფებოდა, მათ შორის ბრიტანელი ბიზნესმენი შაჰზადა დავიდი და მისი ვაჟი სულემანი ბრიტანელ ბიზნესმენთან და მკვლევართან, ჰამიშ ჰარდინგთან ერთად. ნავზე ასევე იმყოფება პოლ-ჰენრი ნარგეოლე, რომელიც საფრანგეთის საზღვაო ძალების ყოფილი მყვინთავია.

როგორც აშშ-ს სანაპირო დაცვის პოლიციამ Fox News-თან ინტერვიუში აღნიშნა, სამაშველო სამსახურს შემთხვევასთან დაკავშირებით 18 ივნისს აცნობეს. დაცვის პოლიციის წარმომადგენლის, ჯონ მოგერის თქმით, წყალქვეშა ნავი ისეა დაპროგრამებული, რომ დაბრკოლების შემთხვევაში, ავტომატურად იწყებს ნაპირზე ამოსვლას. მსგავს სიტუაციაში მგზავრებს სამი დღის ჟანგბადი აქვთ. მოგერის თქმით, ნავის მოძებნას კიდევ უფრო ართულებს ფართო სამძებრო არეალი და უამინდობა.

"ჩვენ კომპლექსური მიდგომით ვცდილობთ წყალქვეშა ნავისა და ბორტზე მყოფი ადამიანების პოვნას". - აღნიშნა ჯონ მოგერმა. 

კომენტარები