რუსეთი-საქართველო

რუსეთში ღვინის მიწოდებით საქართველო პირველ ადგილზეა – რუსული მედია

ქართული ღვინის ბოთლები რუსულ სუპერმარკეტში
The Moscow Times/TACC

რუსული მედია, კომერსანტი საბაჟო მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ 2023 წლის პირველ ხუთ თვეში საქართველოდან ღვინის იმპორტი რუსეთში 63%-ით გაიზარდა და შესაბამისად, 24.15 მლნ ლიტრს მიაღწია.

როგორც კომერსანტი წერს, ღვინის იმპორტის გაზრდის შედეგად საქართველო რუსეთში ღვინის მიწოდებით პირველ ადგილს იკავებს.

გარდა ამისა, საქართველო უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა: იტალია (23.36 მლნ ლიტრი), ესპანეთი (20.46 მლნ ლიტრი) და საფრანგეთი (10.04 მლნ ლიტრი). 

ღვინის სავაჭრო კომპანია Fort-ის აღმასრულებელი დირექტორი, ალექსანდრე ლიპილინი ამბობს, რომ საქართველოდან იმპორტმა ზრდა 2022 წლის ბოლოს საგადასახადო და ლოგისტიკური პრობლემების არარსებობის გამო დაიწყო.

მისივე თქმით, ქართული ღვინის იმპორტის ზრდა ძირითადად დაბალ და საშუალო ფასების სეგმენტში საცალო ქსელების კერძო იმპორტითაა განპირობებული. ამასთან, ქსელები გადავიდნენ პირდაპირ კონტრაქტებზე მწარმოებლებთან და შეუძლიათ მინიმალური ფასების შეთავაზება. 

WineRetail-ის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი, ალექსანდრე სტავცევი ამბობს, რომ საქართველოდან ღვინო ნულოვანი იმპორტის გადასახადს ექვემდებარება. მისივე თქმით, იტალიიდან გადაზიდვებს პრობლემა, შესაძლოა, საგადასახადო სირთულეების გამო შეექმნას. 

გარდა ამისა, საქართველოს შემთხვევაში, როგორც კომერსანტი წერს, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, აქვს თუ არა ქვეყანას მარაგების გასაზრდელად საკმარისი რაოდენობის ნედლეული.

კომენტარები