ორკების თავდასხმა

ბოკერია: ასეთი ამაზრზენი საქციელი ინტენსიური ხდება, როცა რეჟიმები თვლიან, რომ მეტად უჭირთ

ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ზურაბ ჯაფარიძეზე თავდასხმასა და ასევე დღეს განხორციელებულ სხვა დაორგანიზებული ძალადობის ფაქტებს გამოეხმაურა.

როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, დღეს განხორციელებული ძალადობრივი ქმედებები უფრო მეტია, ვიდრე დაუსჯელობის სინდრომი და ყველა ავტორიტარული რეჟიმის ხელწერას წარმოადგენს.

"ჩვენ რაც გვახსოვს, ასლან აბაშიძის რეჟიმი, შევარდნაძის რეჟიმი, ყველა ამ ტიპის რეჟიმი და განსაკუთრებით პუტინისტური სულისკვეთების, როგორიც მაგალითად იანუკოვიჩის იყო, ამ მეთოდებს წლების განმავლობაში მიმართავდნენ. როცა თვლიან, რომ უჭირთ უფრო მეტად, მაშინ მათი ასეთი ამაზრზენი საქციელი უფრო ინტენსიური ხდება და როგორც ჩანს, ახლა ამის მოწმე ვართ.

ამ სურათის შემხედარე ყველა მოქალაქე, ვინც განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებისაა, ჩემი აზრით, უნდა ჩამოყალიბდეს, რომ ამ პუტინისტური რეჟიმის მოცილების გარეშე ჩვენი ქვეყნის მომავალი და ქვეყნის შიგნით მშვიდობა, არა თუ რაიმე სხვა ტიპის უსაფრთხოება, უდიდესი საფრთხის წინაშე დგას. ეს რეჟიმი ყველა თვალსაზრისით, ყველა მისი ნაბიჯით პირდაპირ და ირიბად ჩვენი მტრის საქმეს აკეთებს და ჩვენს მომავალს ღალატობს". - თქვა გიგა ბოკერიამ.


დღეს, 17 ივნისს უცნობი პირი დაესხა თავს პარტია გირჩი-მეტი თავისუფლების ლიდერს ზურაბ ჯაფარიძეს. პრესსამსახურის ინფორმაციით, მას დაზიანება აქვს თვალის არეში. მოგვიანებით, სამთავრობო მედია იმედმა გაავრცელა Facebook მომხმარებლის პოსტი, რომელიც წერს, რომ ჯაფარიძეს მან სცემა.

დღეს ასევე ინდივიდუალური თავისუფლების აკადემიის ბანაკს ორკები დაესხნენ თავს. მათთან ერთად იყო ანტიდასავლური მოძრაობის ლიდერი, ვატო შაქარაშვილიც. ორკები სასტუმროს საღებავებს, კვერცხებსა და ქვებს ესროდნენ, ემუქრებოდნენ ადგილზე მყოფ ახალგაზრდებს და გირჩი-მეტი თავისუფლების წევრებს.

პარტიაში ფიქრობენ, რომ ძალადობრივი ჯგუფის მიერ ბანაკზე თავდასხმა ქართული ოცნებისა და TV იმედის პროპაგანდასთან არის დაკავშირებული. 

ასევე, დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ლექციის პარალელურად სტუდენტებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

როგორც სტუდენტები ამბობენ, საპროტესტო ბანერების გაშლა სურდათ, როდესაც აუდიტორიიდან 20-მდე ადამიანი გამოვიდა და მათ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. მათივე ინფორმაციით, რამდენიმე სტუდენტი კიბიდან დააგორეს.  

კომენტარები