ორკების თავდასხმა

ჩვენი ქვეყნის მტრებს რომ საკადრისი პასუხი გაეცათ, ეს არის ძალადობა? – ვატო შაქარაშვილი

ქართული ოცნების ყოფილმა დეპუტატმა, ანტიდასავლური მოძრაობის ლიდერმა, ვატო შაქარაშვილმა ინდივიდუალური თავისუფლების აკადემიის ბანაკზე თავდასხმის შემდეგ ჟურნალისტებთან ინტერვიუში 17 ივნისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ისაუბრა. 

"საქართველოს პარლამენტს ესროლეს მოლოტოვის კოქტეილები, პოლიციელებს ცეცხლი გაუკიდეს და იმათ თქვენ გმირებს ეძახით. აქ რამდენიმე ათეულ ანგაჟირებულ ჩვენი ქვეყნის მტერს რომ საკადრისი პასუხი გაეცა, ეს არის ძალადობა? ეს აღარ გაგივათ, მორჩა". - ამბობს შაქარაშვილი.

დღეს, 17 ივნისს ინდივიდუალური თავისუფლების აკადემიის ბანაკს ორკები დაესხნენ თავს. მათთან ერთად იყო ანტიდასავლური მოძრაობის ლიდერი, ვატო შაქარაშვილიც. ორკები სასტუმროს საღებავებს, კვერცხებსა და ქვებს ესროდნენ, ემუქრებოდნენ ადგილზე მყოფ ახალგაზრდებს და გირჩი-მეტი თავისუფლების წევრებს.

პარტიაში ფიქრობენ, რომ ძალადობრივი ჯგუფის მიერ ბანაკზე თავდასხმა ქართული ოცნებისა და TV იმედის პროპაგანდასთან არის დაკავშირებული. 

დღეს ასევე უცნობი პირი დაესხა თავს პარტია გირჩი-მეტი თავისუფლების ლიდერს ზურაბ ჯაფარიძეს. პრესსამსახურის ინფორმაციით, მას დაზიანება აქვს თვალის არეში. მოგვიანებით, სამთავრობო მედია იმედმა გაავრცელა Facebook მომხმარებლის პოსტი, რომელიც წერს, რომ ჯაფარიძეს მან სცემა.

ასევე, დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ლექციის პარალელურად სტუდენტებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

როგორც სტუდენტები ამბობენ, საპროტესტო ბანერების გაშლა სურდათ, როდესაც აუდიტორიიდან 20-მდე ადამიანი გამოვიდა და მათ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. მათივე ინფორმაციით, რამდენიმე სტუდენტი კიბიდან დააგორეს.  

კომენტარები