თოლორაია თავდასხმებზე: ხელისუფლების არათუ წახალისებული, არამედ ორგანიზებული ძალადობა იყო

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური

ყოფილი სახელმწიფო ინსპექტორი, ლონდა თოლორაია თავისუფლების აკადემიის ბანაკზე ორკების თავდასხმას, ზურაბ ჯაფარიძეზე თავდასხმასა და თსუ-ში სტუდენტებზე ფიზიკურ ძალადობას ეხმაურება.

თოლორაიას თქმით, ეს შემთხვევები ხელისუფლების მიერ წახალისებული და ორგანიზებულია. 

"ცხადია, ეს იყო ხელისუფლების არათუ წახალისებული, არამედ ორგანიზებული ძალადობა.

ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა ხელისუფლება ასე იქცევა, თუმცა თუ არ ვცდები, პირველი შემთხვევაა როცა დაგეშილ მოძალადეებს არასრულწლოვნებსა და ახალგაზრდებს ასე მიზანმიმართულად უქსევ. ეს ნიშნავს იმას, რომ ამ ხელისუფლებას ყველაფრის კადრება შეუძლია. სამწუხაროდ, ყ ვ ე ლ ა ფ რ ი ს.

ეს ხო თავისთავად ქვეყნის უბედურებაა, მაგრამ ამ ყველაფერთან ერთად როცა აცნობიერებ რომ არც ძალადობისგან გიცავს ვინმე, არც ამ საქმის ობიექტურად გამომძიებელია არავინ, არც დამნაშავეების სამაგალითოდ დამსჯელი უწყებები მუშაობს, საჯარო მოხელეების ძალადობაში თანამონაწილეობის გამოძიებაზე პასუხისმგებელი უწყებაც მიტაცებულია და არც უფლებების დარღვევის ფაქტებზე ხმამაღლა და თამამად მოლაპარაკე უწყება აღარ გვყავს, ამაზე მეტი რა უნდა დაგვემართოს მართლა არ ვიცი". - წერს თოლორაია Facebook-ზე.

დღეს, 17 ივნისს უცნობი პირი დაესხა თავს პარტია გირჩი-მეტი თავისუფლების ლიდერს ზურაბ ჯაფარიძეს. პრესსამსახურის ინფორმაციით, მას დაზიანება აქვს თვალის არეში. მოგვიანებით, სამთავრობო მედია იმედმა გაავრცელა Facebook მომხმარებლის პოსტი, რომელიც წერს, რომ ჯაფარიძეს მან სცემა.

დღეს ასევე ინდივიდუალური თავისუფლების აკადემიის ბანაკს ორკები დაესხნენ თავს. მათთან ერთად იყო ანტიდასავლური მოძრაობის ლიდერი, ვატო შაქარაშვილიც. ორკები სასტუმროს საღებავებს, კვერცხებსა და ქვებს ესროდნენ, ემუქრებოდნენ ადგილზე მყოფ ახალგაზრდებს და გირჩი-მეტი თავისუფლების წევრებს.

პარტიაში ფიქრობს, რომ ძალადობრივი ჯგუფის მიერ ბანაკზე თავდასხმა ქართული ოცნებისა და TV იმედის პროპაგანდასთან არის დაკავშირებული. 

ასევე, დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ლექციის პარალელურად სტუდენტებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

როგორც სტუდენტები ამბობენ, საპროტესტო ბანერების გაშლა სურდათ, როდესაც აუდიტორიიდან 20-მდე ადამიანი გამოვიდა და მათ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. მათივე ინფორმაციით, რამდენიმე სტუდენტი კიბიდან დააგორეს.  

კომენტარები