მიხეილ სააკაშვილი

ხაბეიშვილი: ნაციონალური მოძრაობა მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებას მიესალმება

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ის ამბობს, რომ ქართულ პოლიტიკაში აქტიურად ჩართვას აპირებს. ხაბეიშვილის თქმით, ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლასა და მისი რეჟიმის დამარცხებაში სააკაშვილი ლომის წილს შეიტანს. 

"პუტინისტური რეჟიმების წინააღმდეგ ბრძოლაში პრეზიდენტ სააკაშვილს საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს. ჯერ კიდევ 2003 წელს, მან შეძლო და საქართველო რუსულ ორბიტას მთლიანად მოწყვიტა და დიდი ნაბიჯებით წავედით წინ, ევროპისკენ, დასავლეთისკენ. ამის შემდეგ, მათ შორის, იყო უკრაინაში იანუკოვიჩისა და პოროშენკოს წინააღმდეგ ბრძოლა და გამარჯვება. მე დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტი სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლასა და რუსული ოლიგარქიული რეჟიმის დამარცხებაში ლომის წილს შეიტანს. მნიშვნელოვანია მისი გადაწყვეტილება, რაც ქართულ პოლიტიკაში მის აქტიურ ჩართვას გულისხმობს. მთავარია, მას ჯანმრთელობამ მისცეს იმის შესაძლებლობა, რომ ქართველ ხალხს ემსახუროს და ამ რეჟიმის დამარცხებაში დაეხმაროს [...] ნაციონალური მოძრაობა პრეზიდენტ სააკაშვილის გადაწყვეტილებას მიესალმება. მთავარია, მას ჯანმრთელობამ მისცეს იმის შესაძლებლობა, რომ აქტიურად ჩაერთოს და მონაწილეობა მიიღოს რუსული ოლიგარქიული რეჟიმის დამარცხებაში, დემონტაჟში". - თქვა ხაბეიშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

მიხეილ სააკაშვილმა დაწერა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად, უკრაინაში ჩართულობის პარალელურად, აპირებს, რომ ქართულ პოლიტიკაში ძალიან აქტიურად ჩაერთოს. სააკაშვილი ენმ-სა და სხვა პროდასავლურ პარტიებს ერთიანობისკენაც მოუწოდებს.

კომენტარები