რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

"პუტინს თუ კუთხეში მიიმწყვდევთ, ბირთვულ იარაღს გამოიყენებს" – ლუკაშენკო

ბელარუსის ავტოკრატმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული არხისთვის, Россия 1-ისთვის მიცემულ ინტერვიუში დასავლეთი გააფრთხილა, რომ თუ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს "კუთხეში მიიმწყვდევენ", ის ბირთვულ იარაღს გამოიყენებს.

ლუკაშენკოს მტკიცებით, ის ხვდება დასავლელ მაღალჩინოსნებს, რომლებსაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება შეუძლიათ და მათთან ბირთვული ომის საფრთხეზე საუბრობს.

"ისინი (გულისხმობს NATO-ს) ჯერ კიდევ მიდიან მესამე მსოფლიო ომისკენ, მაგრამ მისი ძალიან ეშინიათ. ეს ზუსტად ვიცი... შევხვდი ადამიანებს, რომლებიც ამაში მეორეხარისხოვან როლს არ თამაშობენ და იღებენ რადიკალურ, კარდინალურ და საბოლოო გადაწყვეტილებებს საჭიროების შემთხვევაში. მათ ამის ყველაზე მეტად ეშინიათ, გულწრფელად ყველა ამას ამბობს – ბირთვული კატასტროფა. მათ ამის ეშინიათ. მათ უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენების ეშინიათ, ღმერთმა არ ქნას, რუსეთმა ეს ჩაიდინოსო და ა.შ. ეს ბუნებრივია, არც ჩვენ გვინდა, ჩვენც გვეშინია, ცხოვრება გვინდა, როგორც სპეციალისტები ამბობენ, ამან შესაძლოა მსოფლიო კატასტროფამდე მიგვიყვანოს. დედამიწა შეიძლება ორბიტას მოწყდეს, მთელი ეს იარაღი თუ აფეთქდება". – თქვა ლუკაშენკომ.

ლუკაშენკო ირწმუნება, რომ ზემოხსენებული მაღალჩინოსნები მას ეკითხებიან, გამოიყენებს თუ არა რუსეთი ბირთვულ იარაღს. ლუკაშენკო თვლის, რომ პუტინი ამ იარაღს გამოიყენებს, თუ მას კუთხეში მოამწყვდევენ.

"ამიტომ, ჯერ ამ მიმართულებით (მესამე მსოფლიო ომისკენ მიდიან. ისინი მეკითხებიან: "აი, თქვენ იცნობთ რუსეთის ხელმძღვანელობას, ვლადიმირ ვლადიმიროვიჩს, მასთან მეგობრობთ, გვითხარით, კი თუ არა?". მე ვამბობ, კი-მეთქი, ბირთვული იარაღი ამისთვის არსებობს. "დააჭერს თუ არა?", - მე ვპასუხობ, რომ დააჭერს ღილაკს და თან როგორ! მაგრამ ერთ შემთხვევაში, თუ ძალიან სახიფათოდ იმოქმედებთ, რუსეთის ტერიტორიაზე შეჭრის თვალსაზრისით და თუ ეს საფრთხეს შეუქმნის რუსეთის არსებობას... სიტყვაზე რომ ვთქვათ, თუ თქვენ პუტინს მიაყენებთ კედელთან ან კუთხეში მიიმწყვდევთ და სხვა გამოსავალი არ იარსებებს - კუთხიდან ხომ მხოლოდ წინიდან გასვლა შეიძლება - აი, მაშინ ელოდეთ [ბირთვული იარაღის გამოყენებას]. არ ქნათ ეს, სანამ ჯერ კიდევ შესაძლებელია მოვილაპარაკოთ, მაგრამ ისინი ზელენსკის მოლაპარაკების უფლებას არ აძლევენ". – თქვა ლუკაშენკომ.

გასულ თვეებში პუტინმა ბელარუსის ტერიტორიაზე ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსების გადაწყვეტილება მიიღო. ლუკაშენკოს თქმით, ამ შეიარაღების ნაწილი უკვე ბელარუსშია.

კომენტარები