თბილისის საქალაქო სასამართლოში ლაზარე გრიგორიადისის საქმის განხილვა დასრულდა. რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციელებზე ძალადობის ბრალდებით დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე მომდევნო სასამართლო პროცესი 27 ივნისს, 12:00-ზე გაიმართება.
ლაზარე გრიგორიადისის ბაბუის, გია კალანდაძის თქმით, საქმის განხილვისას მოწმეების არარსებობის გამო, კვლავ ვერ დასტურდება ლაზარეს მიერ დანაშაულის ჩადენა.
"ახლა დამთავრდა სასამართლო და რაც გავიგე არის, რომ დაზარალებული პოლიციელი ხელს არ ადებს, ექსპერტის მხრიდან მოყვანილი მოწმე არ ადასტურებს, რომ მანქანაზე ნავთობპროდუქტი არის დაქცეული და ცეცხლი ისე აქვს მოკიდებული. ჯერჯერობით ამ პროცესში არ დასტურდება ლაზარეს დანაშაული და მერე რა იქნება, შევხედოთ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ვერც დაადასტურებენ, რადგან არ ყავთ მოწმეები, თუ არ დაავალეს". – თქვა კალანდაძემ.
კალანდაძემ ასევე უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, აქვს თუ არა მას მოლოდინი, რომ შესაძლოა ხელისუფლებამ სასამართლოში ყალბი მოწმეები წარადგინოს.
"რა თქმა უნდა. მთავრობის წევრებმა უკვე წინასწარ მისცეს საფუძველი, რომ ლაზარე არის დამნაშავე და პოსტ ფაქტუმ აქვთ დადასტურებული, რომ ლაზარეს უნდა წაუყენონ ყველა ის ბრალდება და საზიზღრობა რაც კი მოიგონეს". – ამბობს ლაზარე გრიგორიადისის ბაბუა.
13 ივნისის სხდომაზე ორი მოწმე გამოკითხეს - პოლიციელი, რომლის მტკიცებითაც, მისი მანქანა დაწვეს და ექსპერტი.
პოლიციამ 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი 29 მარტს დააკავა. პროკურატურის მტკიცებით, 7 მარტს დაახლოებით 23:15 საათზე, შოთა რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, გრიგორიადისმა 9 აპრილის ქუჩაზე შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით ორჯერ ისროლა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი. ამასთან, უწყება დაკავებულს ედავება, რომ მან 9 მარტს, ღამის საათებში ჭანტურიას ქუჩაზე განზრახ წაუკიდა ცეცხლი შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ტოიოტა კოროლას მოდელის ავტომანქანას.
გრიგორიადისს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, ცეცხლის წაკიდებით) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 31 მარტს შეეფარდა.





