საქართველო-აშშ

საქართველოს ჯორჯიის შტატის გუბერნატორი ეწვევა

საქართველოს ჯორჯიის შტატის გუბერნატორი ბრაიან პ. კემპი ეწვევა. ამერიკის საელჩოს ცნობით, ოფიციალური დელეგაცია აშშ-დან 13 ივნისს გამოემგზავრება. ბრაიან კემპი და პირველი ლედი მარტი კემპი უხელმძღვანელებენ ოფიციალურ დელეგაციას  საერთაშორისო მისიით, რომელიც თბილისში დაიწყება და პარიზში დასრულდება. საელჩო აღნიშნავს, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მოქმედი ამერიკელი გუბერნატორი საქართველოში ჩამოდის.

"რათა ხაზი გაუსვას ამერიკის ერთგულებას მის მიმართ, განსაკუთრებით მეზობელი რუსეთის ტერიტორიული აგრესიის ფონზე. ვიზიტის მიზანია, განამტკიცოს სტრატეგიული პარტნიორობა ევროპულ ინდუსტრიებთან ეკონომიკური შესაძლებლობების ხელშეწყობის გზით" - წერს ამერიკის საელჩო.

"მოუთმენლად ველი საქართველოში დისლოცირებული ეროვნული გვარდიის მამაც  წევრებთან და საქართველოს ოფიციალურ პირებთან შეხვედრას, რათა განვამტკიცოთ ჩვენი ერთგულება სამხედრო პარტნიორობის კუთხით. ეს პარტნიორობა 28 წელზე მეტია, გრძელდება, რადგან ჩვენ მთელ მსოფლიოში თავისუფლების მოყვარე ხალხის მეგობრად და მოკავშირედ ვრჩებით. ასევე, ამ დატვირთული ვიზიტისას მსურს შევხვდე სამუშაო ადგილების შემქმნელებსა და მთავარი ინდუსტრიის ლიდერებს, რათა ხელი შევუწყო ბიზნესს ჩვენს ნომერ პირველ შტატში.  შეხვედრებისას ჩვენ შევძლებთ, გავუზიაროთ მათ, თუ რატომ არის ჯორჯიის  შტატი საუკეთესო  ინვესტირებისა  და შესაძლებლობებისთვის“ - განაცხადა გუბერნატორმა ბრაიან კემპმა.

საგარეო მისიის პირველი ეტაპი მოიცავს შეხვედრებს საქართველოს პრემიერმინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან, აშშ-ის საელჩოს მისიის ხელმძღვანელის მოადგილესთან, რაიან ჰარისთან და თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესთან, ასევე, სხვა მაღალჩინოსნებთან.

დელეგაციის შემადგენლობაში იქნებიან ჯორჯიის ეროვნული გვარდიისა და თავდაცვის დეპარტამენტის გენერალ-მაიორი ტომ კარდენი, ასევე ჯორჯიის შტატის ეკონომიკური განვითარების დეპარტამენტის (GDEcD) წარმომადგენლები. გუბერნატორი კემპი დელეგაციასთან ერთად ორმხრივ შეხვედრებს გამართავს ქვეყნის ოფიციალურ პირებთან.

"ასევე, მოინახულებენ ჰუმანიტარულ თავშესაფარს, რომელიც აშენდა  ჯორჯიის შტატის ეროვნულ  გვარდიასთან პარტნიორობით, შეხვდებიან მარიეტას სახანძრო დეპარტამენტის წევრებს, რომლებიც ამჟამად სწრაფ წყლებში  სამაშველო ოპერაციების წვრთნებს საქართველოში ატარებენ და გამართავენ სხვა შეხვედრებს, რათა გააძლიერონ ურთიერთობა ჯორჯიის შტატსა და საქართველოს შორის" - წერია საელჩოს პრესრელიზში.

"ეს ისტორიული ვიზიტი აძლიერებს ეროვნული გვარდიის სახელმწიფო პარტნიორობის პროგრამის მნიშვნელობას. ჩვენი თანაგუნდელები საქართველოდან  11 სექტემბრის შემდეგ ჩვენს მხარდამხარ იბრძვიან. ძალიან მოხარულები ვართ, რომ გუბერნატორ კემპის ხელმძღვანელობით  ჩვენი პარტნიორობა შემდეგ ეტაპზე გადადის" – განაცხადა გენერალ-მაიორმა ტომ კარდენმა, ჯორჯიის თავდაცვის დეპარტამენტის გენერალ-ადიუტანტმა. 

კომენტარები