რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთმა ხერსონი მოსახლეობის ევაკუაციის დროს დაბომბა – დაშავდა, სულ მცირე, 9 ადამიანი

ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის მეთაურის ალექსანდრ პროკუდინის თქმით, ქალაქ ხერსონიდან მოსახლეობის ევაკუაციის დროს, სულ მცირე, 9 ადამიანი დაშავდა.

პროკუდინის ინფორმაციით, დაშავებულებს შორის არიან საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ორი თანამშრომელი, პოლიციელი, ექიმი და გერმანელი მოხალისე.

"ერთ-ერთი მამაკაცი მძიმე დაზიანებებით ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია და ექიმები მისი სიცოცხლისთვის იბრძვიან". - ამბობს პროკუდინი.

ასევე, უკრაინის საგანგებო სამსახურის უფროსის სერგეი კრუკის თქმით, ხერსონზე ევაკუაციის პარალელურად იერიშის მიტანა რუსი სამხედროების მიერ კიდევ ერთი ტერორისტული აქტია.

"დღეს რუსებმა კიდევ ერთი ტერორისტული აქტი ჩაიდინეს! მასიური საარტილერიო თავდასხმა იმ ადგილებზე, სადაც ჩვენი მაშველები მუშაობენ". - ამბობს კრუკი.

6 ივნისს ხერსონის ოლქის ქალაქ ნოვა კახოვკაში ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი დაინგრა, რასაც წყალდიდობა მოჰყვა. უკრაინელების განცხადებით, ნგრევა რუსი ოკუპანტების მიერ კაშხლის აფეთქებას მოჰყვა. თუმცა, მოსკოვის მტკიცებით, ჰესზე თავდასხმა უკრაინელებმა მოაწყვეს.

აღსანიშნავია, რომ გავრცელებული კადრების მიხედვით, კაშხალთან წყალქვეშა აფეთქება მოხდა და ის სარაკეტო იერიშის შედეგად არ დანგრეულა.

კაშხლის ნგრევას უკრაინული დასახლებების დატბორვა მოჰყვა. 

კომენტარები