სემეკის 2022 წლის საქმიანობის ანგარიში

ნარმანია: მინიმუმ 1-1.5 წელი ელექტროენერგიის სექტორში ტარიფების ზრდას მოსალოდნელი არ არის

სემეკ-ის თავმჯდომარე, დავით ნარმანია

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკის) თავმჯდომარის, დავით ნარმანიას თქმით, რეგიონისა და ევროპის ქვეყნებთან შედარებით საქართველოში ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის ტარიფები ერთ-ერთი ყველაზე დაბალია და ერთიან შკალაზე ტარიფების სიმცირის კუთხით საქართველო მეორე ადგილს იკავებს. 

ამასთან, როგორც სემეკის თავმჯდომარემ 2022 წლის საქმიანობის ანგარიშის განხილვისას თქვა, საქართველოში უახლოესი 1-1.5 წლის განმავლობაში ელექტროენერგიის სექტორში ტარიფების ზრდა არ იგეგმება. 

"სამომხმარებლო ტარიფები უკვე დიდი ხანია უცვლელია. ეს ტენდენცია შენარჩუნდება უახლოეს მომავალში მინიმუმ 1 -1.5 წელი ელექტროენერგიის სექტორში ტარიფების ზრდას არ ველოდებით. ბუნებრივ აირზე კი უფრო ხანგრძლივი პერიოდი გვაქვს დადგენილი და აქაც ზრდა მოსალოდნელი არ არის".- განაცხადა ნარმანიამ.

სემეკის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკითხებზეც და აღნიშნა, რომ მარეგულირებელი კომისია მომხმარებელთა საჩივრებზე რეაგირებას აქტიურად განაგრძობდა. 

"სულ საანგარიშო პერიოდში კომისიამ მომხმარებელთა საჩივრების დეპარტამენტში შემოსული 4100-ზე მეტი სადავო საკითხის განხილვის შედეგად მიიღო 958 გადაწყვეტილება. ჩამოწერილი თანხების საერთო ოდენობამ შეადგინა 1 268 610. 37 ლარი. გარდა ამისა 2022 წელს გარანტირებული სტანდარტების დარღვევის გამო გამანაწილებელმა კომპანიებმა მომხმარებლებს კომპენსაციის სახით გადაუხადეს 869 235 ლარი. აქედან 695 700 ლარი გადახდილია ახალი მომხმარებლის ქსელზე მიერთების სტანდარტის დარღვევის გამო, ხოლო დანარჩენი გარანტირებული სტანდარტის დარღვევისთვის".- ვკითხულობთ სემეკის 2022 წლის საქმიანობის ანგარიშში

ნარმანიას თქმით, გასულ წელს საქართველოსთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების უმთავრეს წყაროს აზერბაიჯანის რესპუბლიკა წარმოადგენდა. 2022 წელს საქართველოს ბუნებრივ გაზზე მოთხოვნამ 2 998 მლრდ კუბ.მ შეადგინა, რაც გასული წლის მაჩვენებელზე 20%-ით მეტია.

 

 

კომენტარები