Bruno Mars

1 ოქტომბერს თბილისში BRUNO MARS-ის კონცერტი გაიმართება

თბილისში პოპულარული ამერიკელი მომღერალი ბრუნო მარსი ჩამოვა. Black Sea Arena-ს ცნობით, კონცერტი პირველ ოქტომბერს, დინამო არენაზე გაიმართება. ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მაია ომიაძის თქმით, ბილეთების გაყიდვა 20 ივნისიდან დაიწყება. 

"1-ელ ოქტომბერს საქართველოს ამერიკელი მეგა ვარსკვლავი ბრუნო მარსი ეწვევა და ის კონცერტს გამართავს ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე, სადაც 70 ათასამდე ადამიანი შეძლებს დასწრებას. უნდა აღინიშნოს, რომ ეს იქნება ძალიან კარგი შესაძლებლობა, როგორც ქართველი მოგზაურებისთვის, ისე საერთაშორისო მოგზაურებისთვის, რომ მეგავარსკვლავს მოუსმინონ. ასევე აღსანიშნავია, რომ  Starring Georgia-ს ფარგლებში ეს არის ყველაზე მასშტაბური კონცერტი, რომელიც აქამდე დაანონსდა. თუმცა ისიც აღსანიშნია, რომ ელვისებური სისწრაფით იყიდება ბილეთები. 20 ივნისიდან შეძლებს მსმენელი, რომ ბილეთები შესაბამის ელექტრონულ პლატფორმებზე შეიძინოს", - აცხადებს მაია ომიაძე. 

საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გასული წლის ნოემბერში განაცხადა, რომ 2023-2024 წლებში საქართველოს "მსოფლიო დონის მუსიკალური ჯგუფები და შემსრულებლები" ეწვევიან. ღარიბაშვილის თქმით, ამ მიზნით, მთავრობამ 70 მილიონი გამოყო.

2023 წლის აპრილში ცნობილი გახდა, რომ Black Sea Arena 2-წლიან კამპანიას, Starring Georgia-ს იწყებს, რომლის ფარგლებში საქართველოში სხვადასხვა პოპულარული ჯგუფისა და შემსრულებლის კონცერტი გაიმართება. თბილისსა და შეკვეთილს ეწვევიან ჯგუფები: Imagine Dragons, The Killers, Nile Rodgers & Chic და სხვა. საქართველოს მთავრობის ცნობით, გადაწყვეტილება პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღო და "კამპანიის მთავარი მიზანი ქვეყნის პოპულარიზაცია, საქართველოს ტურისტული, ეკონომიკური და კულტურული პოტენციალის გაძლიერებაა".

31 აგვისტოს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ამერიკული ჯგუფის, Imagine Dragons-ის კონცერტი გაიმართება. 5 აგვისტოს შეკვეთილში, Black Sea Arena-ზე ცნობილი ამერიკულ ბენდის, Nile Rodgers & Chic-ის კონცერტი გამართება. 15 აგვისტოს კი - დარბაზს პოპულარული როკ ჯგუფი, The Killers ეწვევა. ასევე, შეკვეთილს ეწვევიან დიჯეი და პროდიუსერი, დამიან ლაზარუსი, ფრანგი მუსიკოსი, FKJ და გერმანელი არტისტი All Day I Dream.

კომენტარები