კახოვკის ჰიდროელექტროსადგური

გუტიერეში: კახოვკის ჰესის აფეთქება უკრაინაში რუსეთის შეჭრის მორიგი დამანგრეველი შედეგია

გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტიერეშის თქმით, კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის აფეთქება უკრაინაში რუსეთის შეჭრის მორიგი დამანგრეველი შედეგია.

ამავდროულად, გუტიერეშმა აღნიშნა, რომ გაეროს არ აქვს საჭირო ინფორმაციაზე წვდომა, რათა დამოუკიდებლად გადაამოწმოს აფეთქების მიზეზები.

"ჩვენ ყველამ ვნახეთ მონუმენტური ჰუმანიტარული, ეკონომიკური და ეკოლოგიური კატასტროფის სურათები უკრაინაში, ხერსონის რეგიონში. დღევანდელი ტრაგედია კიდევ ერთი მაგალითია იმის, თუ რა საშინელი ფასი აქვს ომს ადამიანებზე. ტანჯვა, რომელიც წელიწადზე მეტია გრძელდება. მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ თავდასხმები უნდა შეწყდეს". - თქვა გუტიერეშმა.

გარდა ამისა, ანტონიო გუტიერეშმა აღნიშნა, რომ გაერო და სხვა ჰუმანიტარული პარტნიორები უკრაინის მთავრობასთან კოორდინირებულად სწრაფ დახმარებას გაუწევენ დაზარალებულ რეგიონს, მათ შორის, სასმელი წყლით, წყლის ფილტრაციის ტაბლეტებით და სხვა კრიტიკულად მნიშვნელოვანი საშუალებებით.

კომენტარები