ქართული ოცნება

პრემიერი დაკავებებზე: ვინც პოლიციის შეურაცხყოფას და პროვოცირებას შეეცდება, ყველა დაისჯება

პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, "უსუსურ და მარგინალიზებულ" ოპოზიციას "თავისი დეგრადირებული, ამორალური ხალხით" არაფერი დარჩენია იმის გარდა, რომ პირად შეურაცხყოფაზე გადავიდნენ. 2 ივნისის აქციაზე ბანერების გამო დაკავებულების შესახებ ღარიბაშვილი ამბობს, რომ "ისინი პროვოცირებდნენ".

კითხვაზე, "გწყინთ ეს ყველაფერი?", პრემიერმინისტრი პასუხობს - "როგორ არ მაინტერესებს, ხომ წარმოგიდგენიათ ახლა საერთოდ".

"ეს არის პროვოკაციები, რომლებზეც სერიოზულ ადამიანს არ შეიძლება, ჰქონდეს სერიოზული კომენტარი" - ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი.

პრემიერმინისტრ კითხვა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაზეც დაუსვეს - აშშ მიიჩნევს, რომ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა ეწინააღმდეგება "ევროატლანტიკური ერების ოჯახის ღირებულებებს".

ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას არ გაცნობია, თუმცა, მისი თქმით, "ვინც ჩვენი პოლიციის შეურაცხყოფას და პროვოცირებას შეეცდება, ყველა იქნება დასჯილი".

2 ივნისს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე პოლიციამ მოქალაქეები დააკავა. მანამდე, სამართალდამცველები ცდილობდნენ, აქტივისტებისთვის წაერთმიათ ბანერები, რომლებზეც "ირაყლი" ეწერა. დაკავებულთა შორის იყვნენ იურისტები, ედუარდ მარიკაშვილი და შოთა თუთბერიძე. ადგილზე მყოფების ცნობით, რომ ედუარდ მარიკაშვილს ხელში ცარიელი ფურცელი ეჭირა.

კომენტარები