ავღანეთში დაწყებითი კლასის 80-მდე მოსწავლე გოგო მოწამვლის გამო ჰოსპიტალიზებულია

 Ebrahim Noroozi

გასული დღეების განმავლობაში ავღანეთის დაწყებითი სკოლების დაახლოებით 80-მდე მდედრობითი სქესის მოსწავლე მოწამვლის გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინციდენტის მასშტაბი 2 სკოლას მოიცავს. ორივე სასწავლო ცენტრი ერთმანეთის მახლობლად მდებარეობს. 

საგანმანათლებლო დაწესებულებაში იუწყებიან, რომ შემთხვევის უკან ერთი კონკრეტული პირი დგას, რომელსაც რევანშისტული მიზნები ამოძრავებდა. ინციდენტთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები არ გასაჯაროებულა. 

საქმესთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. ამ დროისთვის ცნობილია, რომ გეგმის სისრულეში მოსაყვანად ორგანიზატორმა მესამე პირის დახმარება გამოიყენა. 

უცნობია, რა გზით მოწამლეს სკოლის მოსწავლეები და რა ტიპის დაზიანებები აღენიშნებათ მათ ჰოსპიტალიზების შემდეგ. 

ავღანეთში გოგოებისთვის მხოლოდ 6 კლასის განათლების მიღებაა ნებადართული. 

დეკემბერში თალიბანმა ავღანეთში ქალებისთვის უნივერსიტეტში სწავლა აკრძალა. ინფორმაცია ამის შესახებ ქვეყნის უმაღლესი განათლების სამინისტრომ გაავრცელა და მოუწოდა ავღანეთში მოქმედ უნივერსიტეტებს, მდედრობითი სქესის სტუდენტებს სტატუსი შეუწყვიტონ.

"გაცნობებთ, რომ დაუყონებლივ შეასრულოთ აღნიშნული ბრძანება და დამატებითი ინფორმაციის მიღებამდე შეაჩეროთ სწავლა მდედრობითი სქესის წარმომადგენლებისთვის". – წერია სამინისტროს გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც განკუთვნილია ავღანეთში მოქმედი ყველა სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტისთვის.

უმაღლესი განათლების აკრძალვამდე ორი თვით ადრე, ქვეყნის მასშტაბით ათასობით ქალმა უნივერსიტეტის მისაღები გამოცდა ჩააბარა, ხოლო მათ შეეძლოთ უნივერსიტეტში სწავლა იმ შემთხვევაში, თუ მათი ლექციები და სხვა საკლასო აქტივობები ცალკე შენობაში ჩატარდებოდა.


საგანმანათლებლო სივრცეში გოგოების საეჭვო მოწამვლათა სერია მაჰსა ამინის პროტესტის შემდეგ ირანშიც დაიწყო, შედეგად ასეულობით მოსწავლე დაზარალდა. ირანის ოფიციალური პირები მიიჩნევენ, რომ სკოლის მოსწავლე გოგოები შესაძლოა მოწამლულიყვნენ და ამ უკანასკნელში თეირანის მტრებს ადანაშაულებენ.

"[ქალაქ] ყუმში რამდენიმე მოსწავლის მოწამვლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ზოგიერთ ადამიანს სურს ყველა სკოლის, განსაკუთრებით ქალთა სასწავლებლის, დახურვა". - თქვა განათლების მინისტრმა, იუნეს პანაჰიმ.

ზოგიერთი პოლიტიკოსი ვარაუდობს, რომ სკოლის მოსწავლე გოგოები შესაძლოა მკაცრი ისლამისტური ჯგუფების სამიზნე აღმოჩნდნენ, რადგან ისინი ქალთა განათლებას ეწინააღმდეგებიან.

კომენტარები